ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კაჭკაჭიშვილი: თსუ-ს რექტორი კაგებეშნიკური მეთოდებით განხორციელებული ძალადობის დიდოსტატია

[su_quote]ძალადობა ცუდი ყოფილა თურმე. და პატივცემულებო, ძალადობა თქვენ მარტო ფიზიკური ცემა-ტყეპა გგონიათ? რაფინირებულ, “დავარცხნილ“, კაგებეშნიკური მეთოდებით განხორციელებულ ძალადობაზე რას იტყვით? კარგია? მოსულა?
თსუ რექტორი სწორედ ასეთი რაფინირებული ძალადობის დიდოსტატია. ვისაც დაგავიწყდათ, გაგახსენებთ!
2019 წელს საგამოძიებო ჟურნალისტებმა რექტორი პლაგიატში ამხილეს. ეს ოფიციალური დოკუმენტით დაადასტურა იმ უნივერსიტეტმა, სადაც შარვაშიძემ 2005 წელს დისერტაცია დაიცვა – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ დოკუმენტში შავით თეთრზე წერია, რომ დისერტაციის 34% (!) მძიმის გამოტოვების გარეშე გადაწერილია კვლევის ანგარიშიდან, რომლის დაწერაში შარვაშიძეს არავითარი წვლილი არ მიუძღვის (ეს თავადაც აღიარა). მე, როგორც ამ კვლევის ერთ-ერთმა მონაწილემ, საჯაროდ გავაპროტესტე ეს აშკარა აკადემიური დანაშაული. როგორ მოიქცა რექტორი? იმის ნაცვლად, რომ შეცდომა ეღიარებინა, აკადემიურ სივრცეს გაცლოდა და, როგორც ამბობენ, ღვინის წარმატებული ბიზნესისთვის უფრო მეტად მიეხედა, რექტორმა:
– მისივე ბრძანებით შექმნა კომისია, რომელსაც დააწერინა ტყუილი, რომ შარვაშიძის დისერტაცია პლაგიატს არ შეიცავს;
– გადაწყვიტა, რომ შური ეძია ჩემზე და უნივერსიტეტიდან გავეგდე. ამისათვის ბევრი ეძება და რის ვაი-ვაგლახით გამოძებნა მისი ოჯახის ახლობელი ადამიანი, სოციალურ მეცნიერებებთან სათოფეზე არგაკარებული და ამ მიმართულებით პროფანი ახალგაზრდა კაცი, რომელსაც დააწერინა საჩივარი, რომ ჩემი სადოქტორი დისერტაცია არაკვალიფიციურია და ჩავიდინე ავტოპლაგიატი, როდესაც ჩემივე დისერტაცია წიგნად გამოვეცი;
– საჩივრის საფუძველზე შექმნა ეთიკის კომისია, რომელიც ჩემს დისერტაციას 4 თვის განმავლობაში სწავლობდა და წვალობდა. კომისია ბოლომდე უსინდისო არ აღმოჩნდა და დიდი ზეწოლის ქვეშ ორ სკამზე ჯდომა არჩია – დაწერა კონფორმისტული დასკვნა, აბსურდული შინაარსით, სადაც დაახლოებით ის წერია, რომ მე არაფერი დამიშავებია, მაგრამ მაინც დამნაშავე ვარ და „მიფიქსირდება აკადემიური არაკეთილსინდისიერება“.
– მოინდომა ამ დასკვნის საფუძველზე აკადემიური საბჭოსთვის ჩემი თსუ-დან გაშვება დაეძალებინა, მაგრამ ამაში ხელი შეუშალა უპრეცედენტო წინააღმდეგობამ – ჩემს დასაცავად პეტიციას ათასზე მეტმა ადამიანმა (მათ შორის, თსუ წამყვანმა პროფესორებმა და საზოგადოებაში ცნობილმა პირებმა) მოაწერა ხელი. სტუდენტებმა და კოლეგებმა დაწერეს მხარდამჭერი წერილები და ა.შ. რექტორი შეშინდა და გაჩერდა.
– ჩემ წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართო მედია – ტელეიმედი, ვებგამოცემა edu.aris.ge და სხვ. და გაუგონარი ტყუილები ალაპარაკა და ილაპარაკა;
– ამიკრძალა ლექციების წაკითხვა ბათუმის უნივერსიტეტში, რომელსაც მისივე ოფიციალური თანხმობით, წლების მანძილზე ვეწეოდი (ამასთან, თსუ კანცელარიიდან გააქრო მისივე ხელმოწერილი თანხმობა). პარალელურად, თსუ რექტორმა მოინდომა შელახული რეპუტაციის კომპენსირება: ა) თსუ-ს გადააღებინა 1 საათიანი (!) ფილმი/პანეგირიკი მასზე, სადაც ის გამოყვანილია გასული საუკუნის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთ აქტიურ და რეპრესირებულ წევრად; ბ) მისი მითითებით დაკომპლექტებულ და მის მიმართ ლოიალურად განწყობილ აკადემიურ საბჭოს მეორე ვადით აარჩევინა თავი; გ) მისივე ბრძანებით შექმნილმა კომისიამ ის ასოცირებულ პროფესორად აირჩია განათლების ფაკულტეტზე (პრაქტიკულად ნულოვანი აკადემიური/სამეცნიერო ფონის მიუხედავად) და ა.შ. ჰოდა, ახლა გეკითხებით ყველას – ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტები ძალადობა არ არის? ვიცი, რიტორიკული შეკითხვაა, მაგრამ ზოგჯერ თურმე ასეთ შეკითხვებსაც სჭირდება დასმა[/su_quote]

წერს Facebook-ზე სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი.

 

იტვირთბა....