„ერთხელ, სწორედ ჩვენ თვალწინ ერთ ქალს ვითომ გული შეუწუხდა. მაშინვე დასახმარებლად მივცვივდით. ქალმა კი მადლობის ნაცვლად დაშანტაჟება დაგვიწყო, თუ ფულს არ მომცემთ, ვიტყვი, რომ გამაუპატიურეთო“ – ამ ამბის შესახებ ცენტალურ აფრიკაში, სამშვიდობო მისიაში, გაეროს კომისრის მიერ დასახელებულ დროს მომსახურე ქართველი ჯარისკაცი გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში მკითხველს უყვება.
ის იხსენებს, თუ როგორ სცადა ადგილობრივმა ქალბატონმა ფულის გამოძალვის მიზნით მისი დაშნტაჟება.
“მაგალითად, ბანაკის და ქალაქის დამაკავშირებელ გზაზე მიმავალმა მძღოლებმა იციან, თუ ფრთხილად არ იქნებიან, შესაძლოა მათი მანქანის საბურავქვეშ ლტოლვილი აღმოჩნდეს – გაჭირვებულები რისკზე მიდიან და გამიზნულად უვარდებიან ავტომობილს იმ იმედით, რომ მსუბუქად დაშავდებიან და სანაცვლოდ დიდ ფულს მიიღებენ. ხშირია წყლისა და საკვების ნაცვლად სექსმომსახურების შეთავაზებაც. მშიერ-მწყურვალი და უკიდურესაც მძიმე პირობებში მყოფი ხალხი გროშების სანაცვლოდ, მზად არის უკადრებელი იკადროს… ერთხელ, სწორედ ჩვენ თვალწინ ერთ ქალს ვითომ გული შეუწუხდა. მაშინვე დასახმარებლად შევცვივდით. ქალმა კი მადლობის ნაცვლად დაშანტაჟება დაგვიწყო, თუ ფულს არ მომცემთ, ვიტყვი, რომ გამაუპატიურეთო. არაფერიც არ მივეცით. ქალი წამოხტა და გაიქცა, მალე კი პოლიციასთან ერთად დაბრუნდა… აჟიოტაჟი ატყდა, მაგრამ მტკიცებულებების არქონის გამო პოლიცია უკან გაბრუნდა… ამ შემთხვევის შემდეგ კატეგორიულად აგვიკრძალეს ადგილობრივებთან ურთიერთობა – რაც არ უნდა მოიმოქმედონ, ახლოს არ გაეკაროთო. თუმცა, ბავშვების თხოვნას ვერ ვუყრუებდით, სასმელსა და საჭმელს მაინც ვუნაწილებდით. ამის გამო ადგილობრივ მოსახლეობას განსაკუთრებით უხაროდა ჩვენი დანახვა, გვეძახდნენ – “გუდ ჯორჯიან”. არადა, წარმოდგენაც კი არ აქვთ, სად მდებარეობს საქართველო”, – ყვება ქართველი ჯარისკაცი.
წყარო: კვირის პალიტრა