ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

ნახეთ, დღეიდან: როგორია ახალი 20 და 50-ლარიანი ბანკნოტები (ვიდეო)

დღეიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 20 და 50 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები მიმოქცევაში გამოვიდა. როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, 100 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები, წელს მიმოქცევაში მოგვიანებით გავა, რომლის შესახებ ეროვნული ბანკი საზოგადოებას წინასწარ აცნობებს.

„ლარის განახლებულ ბანკნოტებზე შენარჩუნებულია კარგად ნაცნობი, ლარის ბანკნოტების თავდაპირველი თემატიკა, ამავდროულად ბანკნოტებზე წარმოდგენილი ისტორიები გამრავალფეროვნებულია ცალკეული ახალი ელემენტებით. განახლებული დიზაინი კიდევ უფრო მეტი სიზუსტით და თანამედროვე იერსახით წარმოაჩენს საქართველოს მნიშვნელოვან კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობას.

ლარის განახლებულ ბანკნოტებს ახასიათებს მკვეთრად გამორჩეული ფერების სპექტრი, რომელიც ჰარმონიულად არის შეხამებული ძირითადი სიუჟეტების დომინანტურ და კონტრასტულ ფერებთან.

განახლდა ლარის ბანკნოტის ზომებიც. გამოყენებულია ნომინალების მიხედვით ბანკნოტების ზომების დიაგონალური, სიმეტრიული ზრდის პრინციპი.

ლარის განახლებული ბანკნოტები დაცულია მომხმარებლისათვის მარტივად აღქმადი და ამავე დროს, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური პროცესის შედეგად მიღებული დამცავი ნიშნებით. მათ შორის დატანილია ნომინალის ამომცნობი ნიშანი სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის.

ლარის განახლებული ბანკნოტები დამზადებულია ისეთი მასალებისა და დამცავი მექანიზმების გამოყენებით, რომლებიც ზრდის მიმოქცევაში მათ მდგრადობას დაბინძურებისა და ბუნებრივი ცვეთისადმი.

5 და 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები განახლდება მოგვიანებით.

ძველი ემისიების ბანკნოტები მიმოქცევაში იქნება ლარის განახლებულ ბანკნოტებთან ერთად“ – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

 

 

იტვირთბა....