ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სამყაროში სულ ჩნდებოდა, ახლაც ჩნდება და მომავალშიც გაჩნდება ახალი ინფექციები, მათ შორის განსაკუთრებით საშიშიც – ცერცვაძე მაიმუნის ყვავილზე

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს.

“ბოლო პერიოდში ცალკეული ექსპერტების და მასმედიის მიერ იდება ინფორმაცია ე.წ. მაიმუნის ყვავილის გავრცელების თაობაზე. ა.წ. 22 მაისს ტელეკომპანია „ფორმულამ“ დადო ძალიან კვალიფიციური და საჭირო ინფორმაცია მაიმუნის ყვავილის გავრცელების, სიმპტომების და თავიდან აცილების გზების თაობაზე და ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ ამ პოსტს ისევ საზოგადოების იგივე მცირე ნაწილის მხრიდან მოჰყვა ისეთი აგრესია და ბულინგი, მათ შორის მრავალსართულიანი გინებებით, რომ ნორმალური ადამიანი ნამდვილად ვერ მიხვდებოდა, რა ხდება.

აგრესია ძირითადად იყო ორი მიმართულებით: პირველი – ამ არაადამიანებმა (საინტერესოა ვის გულისხმობენ) COVID-ით მოსახლეობის ბოლომდე ჩახოცვა?! ვერ მოახერხეს და ახლა მათ გასაწვეტად?! მაიმუნის ყვავილი გამოიგონეს და მეორე – COVID-ზე ხომ ძალიან დიდი ფული იშოვნეს?! მაგრამ ეს არ ეყოთ და ახლა მაიმუნის ყვავილზე უფრო დიდი ფულის შოვნა მოუნდათ?! და ამას მთელი სერიოზულობით წერენ თავის პოსტებში.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ სრულიად გაუგებარია, ვის მიმართ არის ამჟამად ეს აგრესია მიმართული მით უმეტეს, რომ საქართველოში ჯერ მაიმუნის ყვავილის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და შესაბამისად არც არავინ გაუწყვეტიათ?! და არც ფული უშოვნია ვინმეს?!. რას ვიზამთ, ესეც უნდა მოვითმინოთ და უბრალოდ ტყუილის და მართლის ერთმანეთისგან გარჩევა ვისწავლოთ.

ისე, ბუნების კანონზომიერება ისეთია და ამას მედიცინის ისტორია თვალნათლივ ადასტურებს, რომ სამყაროში სულ ჩნდებოდა, ახლაც ჩნდება და მომავალშიც გაჩნდება ახალი ან ხელახლად აღმოცენებული ინფექციები (მათ შორის განსაკუთრებით საშიშიც) და მათ მართვას მთელი მსოფლიოს და მათ შორის ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობისა და პროფესიონალების უდიდესი ძალისხმევა და კოორდინირებული მუშაობა სჭირდება და არა აგრესია, ლანძღვა-გინება და წყევლა-კრულვა“, – აცხადებს ცერცვაძე.

იტვირთბა....