18 მაისს მთავარი არხის დამფუძნებლისა და დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრების გასაპროტესტებლად მედიის სოლიდარობის მარში გაიმართება, რომელიც 19:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და პარლამენტთან დასრულდება.
“16 მაისს ნიკა გვარამიას დაპატიმრებით ქართულმა ოცნებამ ერთდროულად გათელა ფეხქვეშ ადამიანის უფლებები, სასამართლო, სიტყვის თავისუფლება და ქვეყნის ევროპული მომავალი.
დღეს, როცა გახსნილია შესაძლებლობის ფანჯარა, კრიტიკული მედიის მფლობელის დაპატიმრება არის უკან დახევა ათწლეულობით ნაბრძოლი და ნაშრომი ევროინტეგრაციის შესაძლებლობისგან და დაბრუნება რუსეთში, საიდან თავის დაღწევასაც საქართველოს პატრიოტთა არაერთი თაობის წარმომადგენელთა სიცოცხლე შეეწირა და ეწირება ახლაც.
კრიტიკული მედია დღეს ერთადერთია, რაც საქართველოს რუსეთისგან განასხვავებს და ახლა მედიას სოლიდარობა სჭირდება.
გელით ყველას, ვისთვისაც მიუღებელია რუსეთში დაბრუნება და გსურთ მოიპოვოთ თავისუფლება”. – წერია Facebook-ზე ღონისძიების აღწერაში.