საქართველოს სახალხო დამცველი “მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას ბრალდების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ნინო ლომჯარია აქცენტს აკეთებს საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე, რომლის მიხედვითაც, ბრალდებაში აღნიშნულია, რომ დირექტორს მეტი შემოსავლის მოტანა შეეძლო კომპანიისთვის და ეს შემოსავალი არ მიიღო.
სახალხო დამცველის ან საქმეში არათუ სამართლებრივი, არამედ, გვარამიას საკორპორაციო პასუხისმგებლობაც კი გამორიცხულია.
“გამოირიცხება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რისთვისაც აუცილებელია, რომ დირექტორი, მოგების მიღების მიზნით, ახორციელებდეს ქმედებას, რომელიც თავისთავად წარმოადგენს დანაშაულს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას საერთაშორისო გამოცდილებასა და პრაქტიკის გათვალისწინებით მიიღებს.
“მეტრონომი” განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზოთ.
“2022 წლის 11 მაისს გაიმართა დასკვნითი სხდომა შპს “სამაუწყებლო ტელეკომპანია რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ბრალდების საქმესთან დაკავშირებით. გვსურს, საზოგადოებას შევახსენოთ, რომ 2019 წლის 4 ნოემბერს სახალხო დამცველმა აღნიშნული საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. დოკუმენტი ეყრდნობა საქმის მასალების გაცნობის შედეგად გამოვლენილ საკვანძო საკითხებს და მიმოიხილავს საკორპორაციო-სამართლებრივი და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის კავშირსა და ურთიერთმიმართებას.
სახალხო დამცველი სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში მიუთითებს, რომ ამ საქმეში, საწარმოს მმართველის მიერ მიღებული გადაწყვეტილება (ხელშეკრულების პირობების შეცვლა, მისაღები შემოსავლის განსაზღვრა), რომელიც საწარმოს მფლობელთანაც იყო შეთანხმებული, არის მიჩნეული დანაშაულად. ბრალდების თანახმად, დანაშაული არის ის, რომ დირექტორს მეტი შემოსავლის მოტანა შეეძლო კომპანიისთვის და ეს შემოსავალი არ მიიღო.