ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გირგვლიანის მკვლელობის მე-10 წლისთავი: რეპორტაჟი მოსამართლე მურუსიძის სახლთან გამართული აქციიდან

დღეს მოსამართლე ლევან მურუსიძის საცხოვრებელ სახლთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა იუსტიციის საბჭოს მიერ ლევან მურუსიძის მოსამართლედ არჩევა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. “მეტრონომი” აქციას დაესწრო.

IMG_6071

აქცია სახელწოდებით „გადადგეს გირგვლიანის მკვლელების მფარველი მურუსიძე და მისი მოსამართლედ ამრჩევი იუსტიციის საბჭოს ყველა სხვა წევრი“ სოციალურ ქსელში „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ დაანონსა:

“დღეს, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის მე-10 წლისთავია! მარადიული ხსოვნა მას, ირინა ენუქიძეს და ჯიმი ენუქიძეს, ასევე გირგვლიანებისა და ენუქიძეების ოჯახის კიდევ ორ წევრს, რომლებიც ტოტალურ უსამართლობასთან ბრძოლას შეეწირენ! სირცხვილი ყველას, ვინც დღეს მისი მკვლელების მფარველი ლევან მურუსიძის კვლავ მოსამართლედ დანიშვნას დაუჭირა მხარი! სირცხვილი თუნდაც ყველა იმ ადამიანს, ვინც ამართლებს ამ ამაზრზენ, შეურაცხმყოფელ სასასამართლოს, სამართლისათვის ლახვრის ჩამცემ და ახალი ტრაგედიების წინაპირობის შემქმნელ გადაწყვეტილებას! ნუ დავუტოვებთ სასამართლოს სანდროს, ირინას, ბუტას, ზურას, გიორგის და სააკაშვილის რეჟიმის სხვა მსხვერპლთა მკვლელების დამცველ “მოსამართლეებს”! ყველას გელით, სწორედ დღეს, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის წლისთავზე, მისი მკვლელების მფარველი ლევან მურუსიძის სახლთან“ – ნათქვამია სოციალურ ქსელში გაკეთებულ მიმართვაში.

IMG_6090

აქციაზე იმყოფებოდნენ „დემორატიული მოძრაობის“ ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, „თავისუფალი საქართველოს“ წევრი ბეჟან გუნავა, ასევე „თანასწორობის ფრონტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი კაკაბაძე.

აქციის მსვლელობისას ლაშა ჩხარტიშვილმა „მეტრონომს“ განუცხადა, რომ ამ კამპანიის დაწყება სიმბოლურად, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის 10 წლისთავს დაამთხვიეს. ეს კამპანია კი სამართლიანი სასამართლოსთვის ბრძოლას გულისხმობს.

„საქართველოში კანონიერი სასამართლო უნდა დამკვიდრდეს. ჩვენ მურისიძის მოსამართლედ არჩევას არ შევეგუებით. ახლა მოვედით მურუსიძის სახლთან და ვაპირებთ საბჭოს ყველა წევრის სახლთან მისვლასაც, რომლებმაც მურუსიძეს მხარი დაუჭირეს და მათ გადადგომას მოვითხოვთ. თუ ისინი არ გადადგებიან, კანონპროექტზე მუშაობა დაწყებული გვაქვს. ეს კანონპროექტი პარლამენტს წარედგინება, რათა გავარკვიოთ რა ნაწილი უჭერს მხარს პარლამენტისა და პარლამენტარებისა კანონის მორჩილ სასამართლოს და რა ნაწილი სააკაშვილის ტიპის ავტორიტარულ სასამართლოს.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უმრავლესობა მხარს კანონიერ სასამართლოს დაუჭერს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ უფრო მძაფრი ფორმები იქნება გამოყენებული საიმისოდ, რომ ვაიძულოთ ხელისუფლება აირჩიოს დემოკრატიული გზა, რისთვისაც აუცილებელია თავისუფალი სასამართლოს არსებობა. მურუსიძის და იუსტიციის საბჭოს ამ ფორმით შენარჩუნების შემთხვევაში ჩვენ თავისუფალი სასამართლო არასოდეს არ გვექნება“ – აღნიშნა ჩხარტიშვილმა.

აქციაზე მოგვიანებით მისულმა ირაკლი კაკაბაძემ აქციის წევრების თვალწინ, მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოადგინა.

IMG_6101

როგორც კაკაბაძემ აღნიშნა, ამ დოკუმენტით დადასტურდა, რომ სასამართლომ მურუსიძეს მხარი დაიჭირა. სწორედ ამიტომ მან ეს დოკუმენტი დემონსტრაციულად დახია.

საუბარია იუსტიციის საბჭოსთან გამართულ იმ პირველ საპროტესტო აქციაზე, რომლის დროსაც მურუსიძე მოსამართლედ აირჩიეს. მაშინ პატრულის თანამშრომლებმა აქციაზე ირაკლი კაკაბაძე და ბეჟან გუნავა დააკავეს. როგორც სამართალდამცველებმა განმარტეს, ისინი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. კაკაბაძის დაკავების მიზეზი, მურისიძის მისამართით გინება გახდა, გუნავა კი კაკაბაძის დაკავების გაპროტესტებისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააპატიმრეს.

„ჩვენ გაგვამტყუნა სასამართლომ, მურუსიძის მხარი დაიჭირა. აქედან გამომდინარე ჩვენ ისედაც არ დავემორჩილებით კანონს, რომელსაც მურუსიძე კურირებს. ყველას მოვუწოდებთ მურუსიძის მიერ დაცული კანონის დარღვევისკენ და დაუმორჩილებლობისკენ, სანამ ეს სასამართლო სასამართლო ხელისუფლებაში იქნება. მოვუწოდებთ ყველა სინდისიერ ადამიანს, რომ სანდროს მკვლელების მიერ დადგენილ კანონებს არ დაემორჩილონ“ – ამბობს კაკაბაძე.

ბეჟან გუნავას თქმით კი, პერმანენტული აქციები იუსტიციის საბჭოს წევრების საცხოვრებელ სახლებთანაც გაიმართება, პარლამენტთანაც და იუსტიციის საბჭოსთანაც.

IMG_6068

“ჩვენ რეალურ სამართლიანობის აღდგენას მოვითხოვთ და როდესაც „ქართული ოცნება“ მოდის სამართლიანობის აღდგენის მესიჯით და მისი დანიშნული იუსტიციის საბჭოს წევრები ნიშნავენ მურისიძეს მუდმივმოქმედ მოსამართლედ, ამაზე დიდი ცინიზმი არ შეიძლება იყოს ამქვეყნად. ცინიკურია, ასევე ბიძინა ივანიშვილის შეფასება, როდესაც მან განაცხადა, რომ ლევან მურუსიძე  ამ სისტემის მსხვერპლი ყოფილა. ეს მოსამართლე იყო ის, რომელიც კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს იღებდა და მან კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს“- უთხრა “მეტრონომს” გუნავამ.

აქცია მალე დაიშალა და მისი მონაწილეები, როგორც მათ დაანონსეს, სანდრო გირგვლიანის სასაფლაოსკენ გაეშურნენ.

 

ნინო ცხადაია

იტვირთბა....