ახალი ამბები მთავარი სამართალი

ექსკლუზივი: როგორ დაიღუპა იური ვაზაგაშვილის მკვლელობის მოწმე?

გავრცელებული ინფორმაცია, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ერთ-ერთი მოწმე ქალბატონი, რომელიც სოფელ ყარაფილაში ვაზაგაშვილების საფლავს უვლიდა და დამლაგებლად მუშაობდა, რამდენიმე დღის წინ გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს, როგორც ირკვევა, მცდარია.

„მეტრონომს“ შსს-ს პრესცენტრში განუცხადეს, რომ ქალბატონი ავადმყოფობის, კერძოდ კი პნევმონიის გართულების შედეგად  გარდაიცვალა. ინფორმაცია ასევე გადავამოწმეთ ქირურგიის ცენტრში, სადაც ეს ქალბატონი მკურნალობდა და მისმა დირექტორმა „მეტრონომს“ დაუდასტურა – იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ერთ-ერთი მოწმე, ქალბატონი, გაურკვეველ ვითარებაში არ დაღუპულა – მას პნევმონია გაურთულდა.

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გია სოსანაშვილის ადვოკატმა, სოსო ჯოგლიძემ, რომელმაც  ქალბატონის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალება რამდენიმე სააგენტოს დაუდასტურა, „მეტრონომის“ მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, შსს და ქირურგიული ცენტრი პაციენტის გარდაცვალების მიზეზს ასახელებენ აღნიშნა, რომ ქალბატონის გაუკრვეველ ვითარებაში გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მან გია სოსანაშვილის ნათესავებისგან მიიღო და სხვა ინფორმაცია ამ ეტაპზე არ აქვს.

შეგახსენებთ, 2015 წლის 20 იანვარს, ახლობლის დაკრძალვაზე, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში ჩასული იური ვაზაგაშვილი მივიდა საკუთარი შვილის ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე, სადაც იგი სასაფლაოზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად, დააკავეს პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი. გია სოსანაშვილი უარყოფს  ბრალდებას და ადვოკატთან ერთად აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებები გაყალბებულია.

 

 

 

იტვირთბა....