აქ მისი რეაბილიტაცია ვერ მოხერხდება, ადამიანი შეიძლება ნებისმიერ წუთს აღარ იყოს, – ასე შეაფასა გიული ალასანიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკა ვივამედში მისი მონახულების შემდეგ.
მისივე თქმით, ექს-პრეზიდენტი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის და გამოკვლევები უტარდება.
“ჯანმრთელობის მდგომარეობას მე ვერ შევაფასებ, მაგრამ რაც დავინახე ორი დღის წინ მყავდა ნანახი იმასთან შედარებით თავლშისაცემად უფრო ცუდად იყო. უბრალოდ, რომ შევხედოთ სიარული ძალიან უჭირს, თქვა მეძინაო, მაგრამ სიარულითაც ძლივს დადის, გუშინ კიდევ სამჯერ დავეციო მითხრა, საშინელი სისუსტე აქვს.
ექიმების სახელი და გვარები არ ვიცი, მაგრამ ვითარება ყურადღების მხრივ კარგია. ჩაუტარდა ანალიზები, პასუხები ჯერ არ ვიცი, დაკვირვების რეჟიმშია… ყველა ცდილობს შეუმსუბუქოს მდგომარეობა, მაგრამ აქ მისი რეაბილიტაცია ვერ მოხერხდება, ადამიანი შეიძლება ნებისმიერ წუთს აღარ იყოს, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა დღეს, რომ ვნახე უბრალოდ შემეშინდა.” – განაცხადა გიული ალასანიამ.