ახალი ამბები საზოგადოება

„შეცდომას უშვებთ და ეს შეცდომები ყოველ ჯერზე ძვირად გიჯდებათ“-ალეკო ელისაშვილი მანანა კობახიძეს

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრ მანანა კობახიძის ფეისბუქ პოსტის საპასუხო კომენტარს აქვეყნებს სოციალურ ქსელში:

„გაცხარებულ და გაწიწმატებულ მანანა კობახიძეს გადაეცით, რომ მსჯავრდებულ ანასტასია ზაუტაშვილს, მისი არაერთგზის სატელეფონო ზარისა და თხოვნის შემდეგ შევხვდი. მარტივი გადასამოწმებელია ეს ფაქტი. კვალიფიციური, წესიერი და სინდისიერი ადვოკატის შერჩევაც ანასტასია ზაუტაშვილმა პირადად მთხოვა. სათაური დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში არაზუსტი იყო – მე მსჯავრდებულს ადვოკატი ვურჩიე და არ ამიყვანია.

 

ხელფასზე დამოკიდებული კაცი ვარ და მაგდენი რომც მინდოდეს არც შემიძლია, უბრალოდ ერთი გულიანი, გულმოდგინე და სინდისიერი ადვოკატი ვურჩიე. ისეთი ვინც მას არც ფულს გამოსძალავს და არც პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენებს. ასე რომ ქალბატონო მანანა, სანამ რამეს იტყოდეთ, გირჩევთ ჯერ გადაამოწმოთ და ისე დაწეროთ ხოლმე.

 

ვიცი მძიმე დღეში ხართ, ვიცი ანასტასია ზაუტაშვილთან ჩემმა შეხვედრამ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩაგაგდოთ, მაგრამ მაინც მოთოკეთ თავი. თორემ ხომ ხედავთ რამდენ შეცდომას უშვებთ. ეს შეცდომები კი ყოველ ჯერზე ძვირად გიჯდებათ. ისიც იცოდეთ რომ მე ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან“, – წერს ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში.“

შეგახსენებთ, რომ მანანა კობახიძის ფეისბუქ პოსტები შემდეგი შინაარსის იყო:

„როცა ელისაშვილის წინააღმდეგ საჩივრები აქვს დაწერილი ზაუტაშვილს და მის მიმართ გამოძიებას ითხოვს, ის კი შედის ციხეში და ახალ ადვოკატს სთავაზობს მას და დახმარებას პირდება, ეს არის დანაშაული- მოწმეზე ზეწოლა ქვია ამას კანონით!“

„აი, როგორ არ გამოვეხმაურო ამ ყოვლად უღირსი, ცრუმოწმის ბოლო ნამოქმედარს?! როგორც ჩანს, ელისაშვილს ხელში ისე შემოეფცქვნა მისივე ფანტაზიები, რომ საშველად ციხეში პატიმარს მიაკითხა, ებოდიშა, დახმარებას შეპირდა, ახალი ადვოკატი შესთავაზა… ვიდრე რამეს განაცხადებ და მოთხოვ პროკურატურას, ჯერ იმ საჩივრების და განცხადებების ბედი მოიკითხე, რაც პარლამენტიდან ამ საქმესთან დაკავშირებით პირადად მაქვს გადაგზავნილი, მე რომ პილიტიკური ქულების დაწერა მდომოდა ამ საქმეზე, შენსავით ვირბენდი ეთერებში სულელური განცხადებებით! დიახ, ყოველგვარი პოლიტიკური ქვეტექსტის გარეშე, ჩემს საქმეს ვაკეთებდი, გამოძიების განახლებას ვითხოვდი და წამებაზე ძიების დაწყებას, ხოდა შედეგი რომ ჭიანურდებოდა, ამიტომ ითხოვა იმ ხალხმა შეწყალება, (უკვე მერამდენედ ვამბობ) თუმცა ზუსტად შენ, პოლიტიკური ქულების ჩასაწერად, საბოლოოდ გაწირე ეს ადამიანები, ხოდა ახლა სინდისმა შეგაწუხა?! ამიტომ სთავაზობ ახლა დახმარებას?! ადვოკატს უნიშნავ, როცა მოქმედი ადვოკატი ყავს ადამიანს და ის არ აუცილებია?! იქნებ საკუთარ ტყავს უფრთხილდები?! სად გაგონილა საქმეში ერთი მოწმე მეორეს დაცვას უნიშნავდეს, რატომ?! შენს ინტერესებში რომ იმოქმედოს იმიტომ?! და ახლა ვინმე დაიჯერებს, რომ შენ მართლა პატიმრის ბედი გადარდებს?! თანაგიგრძნობ, ასე როგორ გაგიჭირდა, თავად გასაჭირში მყოფი პატიმრით ეცადო სამარცხვინო მდგომარეობიდან თავის დაღწევას?! და ახლა, მივმართავ პროკურატურას, დროულად დაასრულოს ამ ცრუპენტელა ადამიანის მიერ გავრცელებული ჭორის საფუძველზე დაწყებული გამოძიება! ან დაამტკიცეთ, რომ ნაძირალა, მექრთამე, კორუმპირებული, უღირსი დეპუტატი ვარ ან ამ ადამიანს აგებინეთ პასუხი ცრუ დასმენისთვის, გამოძიების მიმართ ხელშეშლისთვის, ჩვენების მიცემაზე უარისთვის და კიდევ რა გითხრათ?, ორი სიმართლე არ არსებობს და ამის გარკვევას, განა რამდენი დრო ჭირდება?! და კიდევ, იქნებ ჯობდა, თავიდანვე რიგითობა დაგეცვათ და ამ ყბადაღებულ საქმეში 2011 წლიდან მოყოლებული, ჯერ ჩემი და პატიმრების გამოგზავნილი საჩივრებისთვის გეპასუხათ სათანადოდ და შემდეგ ელისაშვილის ზღაპრებისთვის!“

-წერს მანანა კობახიძე ფეისბუქში.

იტვირთბა....