მივმართავ რადიკალურ ძალებს: თქვენ საქართველოში უცხო ქვეყნის დავალებებს ასრულებთ, ამიტომაც ხართ უმორალო და უსამშობლო აგენტები! თქვენგან განსხვავებით ქართველი ხალხის მანდატით აღჭურვილი „ქართული ოცნება“ ჩვენი მოსახლეობის დაკვეთას ასრულებს, სახელმწიფოს ინტერესსა და სუვერენიტეტს პირნათლად იცავს. შესაბამისად, ამიტომაც ვართ და ამიტომაც ვიქნებით ხელისუფლებაში, განსხვავებით თქვენგან, უცხო ქვეყნის აგენტებისგან, ვისი ადგილიც ქართულ პოლიტიკაში კი არა, პოლიტიკურ სანაგვეზეა, – ეს განცხადება ირაკლი კირცხალიამ გააკეთა.
ცხრა ოპოზიციური პარტიის ალიანსზე განცხადება კირცხალიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა. კირცხალიას შეფასებით, მათი ამოსავალი წერტილი არა საქართველოს მოსახლეობის, არამედ უცხოელი პატრონების ბრძანებების შესრულებაა.
„დღეს 31 მარტია. 35 წლის წინ სრულიად საქართველომ ხმა მისცა ჩვენი ქვეყნის სუვერენულ მომავალს. სწორედ ამ დღეს მინდა გამოვეხმაურო საქართველოს სუვერენიტეტის გაცხადებული მტრების „ნაცაგენტურის“ მორიგ გაერთიანებას და მათი მხრიდან ახალი უცხოელი პატრონების ძებნის მცდელობას.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ერთი მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მთავარმა შემოქმედმა და მეორეს მხრივ, ნიკა გვარამიამ – მისმა გენერალურმა პროკურორმა დაადასტურეს, რომ გარე პატრონებისგან გაერთიანების დავალება მიიღეს. მართალია, ამ ძალებს ისინი პარტნიორებად მოიხსენიებენ, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ ისინი არა მათი პარტნიორები, არამედ პატრონები არიან. პატრონები საქართველოს და ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ გასცემენ დავალებებს, რასაც მათი მორჩილი ადგილობრივიო რადიკალები უსიტყვოდ ასრულებენ.
როგორც ჩანს, კვლავ „ნაციონალურ მოძრაობად“ გაფორმებული აგენტები მიიჩნევენ, რომ საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ მიღებული გარე დავალებები და მათი მხრიდან გადადგმული ნაბიჯები საკმარისად რადიკალური არ არის, რაც მათი წარუმატებლობის მთავარი მიზეზია. შესაბამისად, გადაწყვიტეს, რომ უპირობო მორჩილების შეთავაზების სანაცვლოდ, ახალი – მათ წარმოდგენაში უფრო გავლენიანი გარე პატრონები მოძებნონ. ამ პროცესს კი, როგორც თავად დაგვიანონსეს აშშ-დან იწყებენ.
მივმართავ ამ რადიკალურ ძალებს: – რაზეც არ უნდა ისაუბროთ, ვისგანაც არ უნდა მიიღოთ დავალებები, გაერთიანების მერამდენე წრეზეც არ უნდა წახვიდეთ, როგორც არ უნდა შეფუთოთ და რა პიარტექნოლოგიაც არ უნდა გამოიყენოთ თქვენი უდღეური, უსუსური ვითომ და, პოლიტიკური ალიანსის ბრენდირებისთვის, ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რომ თქვენ ახალი გაერთიანება კი არა, ისევ ის ძველი „ნაციონალური მოძრაობა“ ხართ და სისხლიან რეჟიმს წარმოადგენთ, რომელმაც ჩვენს ხალხსა და სამშობლოს არაერთი უბედურება დაატეხა თავს. თქვენთვის არ არსებობს ეროვნული ინტერესი, თქვენ არც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ემსახურებოდით საქართველოს და მით უფრო არც ახლა. მაშინაც და დღესაც თქვენთვის ამოსავალი წერტილი არა საქართველოს მოსახლეობის, არამედ თქვენი უცხოელი პატრონების ბრძანებების შესრულებაა.
ამიტომაცაა, რომ ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია არაფრად გიღირთ, რომელიც ბუნებრივია, რომ არც გქონდათ, არც გაქვთ და აღარც არასდროს გექნებათ. ამიტომაცაა, რომ შველას უცხოელი პატრონებისგან ელით, მით უფრო იმ ფონზე, რომ პოლიტიკური ყოფნა-არყოფნის ზღვარზე ხართ
ამიტომაც არის, რომ საქართველოს წინააღმდეგ დასახული ყოველი ჩავარდნილი გეგმის შემდეგ, ახალ-ახალ უცხოელ პატრონებს ეძებთ, თუმცა ვერ იაზრებთ, რომ ამ ქვეყანაში გადამწყვეტი სიტყვა ქართველ ხალხს ეკუთვნის“, – განაცხადა კირცხალიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

