ახალი ამბები კრიმინალი საზოგადოება სამართალი

კაცს, რომელმაც მეუღლეს დანით 16 ჭრილობა მიაყენა, ბრალდება წარედგინა

მამაკაცს, რომელმაც ბორჯომში მეუღლეს ცივი იარაღით 16 ჭრილობა მიაყენა, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება ინფორმაციას ავრცელებს.

“საქართველოს პროკურატურამ, ბორჯომში, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტზე, გ.კ.-ს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1-ელ მაისს, ბრალდებულმა, ბორჯომში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით სცადა მეუღლის მოკვლა, კერძოდ, მას დანით თექვსმეტი ჭრილობა მიაყენა. ბრალდებული ასევე, მეუღლის დედას ფიზიკურად გაუსწორდა.

პროკურატურამ ბრალდებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 11 პრიმა, 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ1“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ბ“ და“ე“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, დამამძიმებელ გარემოებებში) წარუდგინა ბრალდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

იტვირთბა....