პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ისეთი დიდი ჰესები, როგორიცაა მაგალითად “ნამახვანი”, მხოლოდ სახელმწიფოს ჩართულობით უნდა აშენდეს. ღარიბაშვილის თქმით, ამასთან დაკავშირებით მთავრობის ეკონომიკური გუნდი რამდენიმე კვირაში წარმოადგენს გეგმას.
“ჩემი პოზიცია არის ცალსახა. რა თქმა უნდა, მცირე და საშუალო ჰესები უნდა იყოს ქვეყანაში, მაგრამ რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. ეკონომიკურ გუნდში ჩვენ განვიხილავთ, რომ ასეთი ტიპის, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი დიდი პროექტები უნდა განხორციელდეს სახელმწიფოს მიერ. ამის რესურსები აქვს სახელმწიფოს და დავალება უკვე მიცემული მაქვს ეკონომიკის მინისტრისთვის, მთელი ეკონომიკური გუნდი მუშაობს ამ მიმართულებით და რამდენიმე კვირაში გეგმას წარმოვადგენთ”, – განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.