საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლით ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული.
“საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეიმედში შეჭრის, 7 ნოემბრის აქციის დარბევის და ბადრი პატარკაციშვილისთვის ქონების ჩამორთმევის საქმის არსებითი განხილვისას, სხდომაზე დამსწრე პირმა – ჯ.ქ-მ გამოიჩინა სასამართლოს მიმართ უპატივცემულობა.
სასამართლოს არაერთი მოწოდების მიუხედავად, ბრალდებულმა უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, რის შემდეგაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პროცესში მონაწილე პროკურორებს და მოსამართლეებს, რითაც ხელყო სასამართლოს ავტორიტეტი და მართლმსაჯულებაში მონაწილე პირთა პატივი და ღირსება.
პროკურატურა ბრალდებულისთვის ბრალის წარდგენის შემდგომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, – აღნიშნულია განცხადებაში.