ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ “საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ მიიღო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ “საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ დაამტკიცა. ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენებმა, ჯერი კონოლიმ (დემოკრატიული პარტიიდან) და ადამ კინზინგერმა (რესპუბლიკური პარტიიდან) 2021 წლის 8 თებერვალს წარმომადგენელთა პალატაში ხელახლა წარადგინეს. კანონპროექტს ამ ეტაპზე სულ 19 თანასპონსორი ჰყავს.

“საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას, ასევე საქართველოს მოქალაქეების უფლებას თავად განსაზღვრონ ქვეყნის მომავალი და ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევისა თუ იძულების გარეშე”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, უწყების ცნობით, ორპარტიული კანონპროექტი გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებათა დარღვევებს, უკანონო დაკავებებისა და გატაცების ფაქტებს, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებს და ადამიანის უფლებათა  დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის.

“კანონპროექტი ასევე მოუწოდებს აშშ-ს ადმინისტრაციას  ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ რუსეთის დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლაში საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

პროცედურულად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო აქტის პროექტი აშშ-ის სენატს გადაეგზავნება. შესაბამისი კომიტეტებისა და სენატის პლენარულ სესიაზე კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში კი აშშ-ს პრეზიდენტის ხელმოწერა იქნება საჭირო, რომ საქართველოს მხარდამჭერმა აქტმა კანონის ძალას შეიძინოს.

იტვირთბა....