“რამდენიმე დღის წინ ვივარაუდე, რომ მაინც იარსებებდა რაღაც ბაცილა, რომელიც შეეცდებოდა რამენაირად კიდევ გაემწვავებინა, გაერთულებინა ან გაეფუჭებინა ორ მოძმე ხალხს, ორ სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოს შორის არსებული ურთიერთობები”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე დავით არახამიას განცხადებას.
“ბატონი არახამიას შემთხვევაში ურთიერთობების დაძაბვის სურვილს შეიძლება, განაპირობებდეს ერთადერთი მიზეზი – მისი ღირებულებების სისტემა თანაზიარია იმ ინტერესებისა და ღირებულებებისა, რომელიც აქვს საქართველოში ომის პარტიას “ნაციონალურ მოძრაობას“. ამ ხაზის გატარება, რომელი ღირებულებების სისტემითაც არც უკრაინის და არც საქართველოს სახელმწიფოს ინტერესები არ ექცევა როგორც მთავარი ინტერესი და ღირებულება, არამედ ვიწროპარტიული ხაზის გატარება არის ყოველთვის ამ პარტიებისა და ამ კატეგორიის ხალხის მთავარი საზრუნავი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რეალურად ამ ინტრიგებით დაკავებული კაცის ამ მორიგ მცდელობას, რომ რაღაცა ახალი ინტრიგა დათესოს, არ ექნება ფართო გამოხმაურება და ფართო მხარდაჭერა. რეალობა არის ასეთი – ჩვენ მათკენ, ზოგიერთი მათგანი ეშმაკებისკენ. არ ვარგა ასეთი დამოკიდებულება. ეს არ არის არც უკრაინის და არც საქართველოს ინტერესში“, – განაცხადა სარჯელაძემ.
ცნობისთვის, უკრაინის რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ “მთავარო არხის” ეთერში განაცხადა, რომ შთაბეჭდილება დარჩა, საქართველოდან სამთავრობო დელეგაცია უკრაინაში ბუჩას ფონზე ფოტოების გადასაღებად ჩავიდა.