ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ბორის ჯონსონს რუსეთში შესვლა აუკრძალეს

რუსეთის ხელისუფლებამ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ამ გადაწყვეტილების მიზეზია “ბრიტანეთის მთავრობის უპრეცედენტოდ მტრულ ქმედებებთან” დაკავშირებით, რაც გამოიხატა რუსეთის ფედერაციის უმაღლესი თანამდებობების პირთა მიმართ სანქციების დაწესებაში.

რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა სულ 13 ადამიანს აეკრძალა, რომელთა შორისაც ჯონსონთან ერთად, არიან გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის, ფინანსთა, საგარეო საქმეთა, იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრები. ამასთან, შეზღუდვა შეეხო ყოფილ პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის, რომელიც ამჟამად პარლამენტის დეპუტატია.

ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრისა და ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ბრიტანეთმა არაერთ რუს პოლიტიკოსს, ოლიგარქსა და პროპაგანდისტული მედიის წარმომადგენელს დაუწესა საქნციები. ამ სიაში მოხვდნენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის და საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილებიც. ამასთან, ქვეყანამ ემბარგო დააწესა რუსულ ენერგოპროდუქტებზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ ომის დაწყების შემდეგ, უკრაინაში პირადად ჩაფრინდა ბორის ჯონსონი, რომელმაც ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკისთან შეხვედრა გამართა და ადგილზე გაეცნო იქ არსებულ მძიმე მდგომარეობას.

იტვირთბა....