საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უკრაინაში მისი ვიზიტი დიდი ალბათობით, მიმდინარე კვირას შედგება.
მისივე თქმით, ოპოზიციას შესთავაზა, რომ საპარლამენტო ოპოზიციის წევრებიც ყოფილიყვნენ დელეგაციაში, თუმცა ეს არ გაიზიარეს.
“სოლიდარობის გამოცხადება, საქართველოს პარლამენტის ბევრ წევრს უნდა. დელეგაციაზე შეთავაზება გვქონდა, ისევე როგორც სხვა დროს ხდება, იყვნენ წარმოდგენილი უმრავლესობის წევრები და ასევე თანაბარი რაოდენობით იყვნენ ოპოზიციიდან, სამი იყოს უმრავლესობიდან, სამი ოპოზიციიდან, სამწუხაროდ, ამას ოპოზიცია არ იზიარებს. მე ჩემი შეთავაზება მქონდა. მთავარია, დელეგაცია შედგეს. სამწუხაროა, რომ შიდა პოლიტიკური თემები, როგორც ჩანს, სჭარბობს ხოლმე იმ მთავარს, რასაც ჰქვია სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ.
ჩვენ იქ მივემგზავრებით, რათა ვაჩვენოთ ადამიანებს სოლიდარობა, გავიზიაროთ მათი წუხილი და ეს არ უნდა იყოს დაკავშირებული შიდაპოლიტიკურ სიჭრელესთან, თუ მრვალფეროვნებასთან. სწორედ ეს გახლავთ მიზეზი, მიზანი ამ ვიზიტისა და ეს გახლავთ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი დელეგაციასთან ერთად, სადაც განსხვავებით სხვა დელგაციებისგან, როდესაც ხდება ხოლმე, იქ არის ოპოზიციის წარმომადგენელი, მე შევთავაზე თანაბარი თანაფარდობა, რომ სამი ყოფილიყო უმრავლესობის, სამი ოპოზიციის მხრიდან, მაგრამ ამ შეთავაზებას არ იზიარებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.