ახალი ამბები

ზურაბიშვილის თქმით, მისი ხელმოწერით, ევროპელ ლიდერებთან ერთობლივი წერილი გაიგზავნა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე თქვა, რომ მისი ხელმოწერით, ევროპელ ლიდერებთან ერთობლივი წერილი გაიგზავნა.

პრეზიდენტის ცნობით, წერილში საუბარია, რომ საქართველოში არსებულ საკითხს მეტი ყურადღება დაეთმოს და ის არ იყოს განხილული, როგორც ცალკე მდგომი ქვეყანა, რომელშიც “შიდა პოლიტიკური კრიზისია”.

“კოორდინაციის ფარგლებში, დღეს გადაიგზავნა და ამ წუთებში იგზავნება ერთობლივი წერილი ჩემი ხელმოწერით ყველა ევროპულ ლიდერთან, რომელიც მიიღებს მონაწილეობას ხვალ და ზეგ ევროპული საბჭოს შეხვედრაში, რომლის დღის წესრიგი მოიცავს, ამ მომენტისთვის, უკრაინის თავდაცვის ახალ პროექტებს და დაფინანსებას, სადაც არ წერია დღეს საქართველო, როგორც ერთ-ერთი თემა ამ დღის წესრიგის და ეს იყო თემა, რამაც განაპირობა, რომ არ შეიძლება, სხვა პრიორიტეტები გასაგებია, მაგრამ ამავე დროს, არ შეიძლება, რომ არ იყოს გარკვეული ყურადღება იმის მიმართ, თუ რაც ხდება დღეს საქართველოში – რეპრესიული რეჟიმის გაძლიერება თუ არა, გაფართოება.

საქართველო ვერ იქნება განხილული, როგორც ცალკე პოლიტიკური კრიზისი… საქართველოში არის სხვა ფორმით, ჰიბრიდული ფორმით, იგივე აგრესია, საქართველოს დამოუკიდებლობის, ევროპულობის წინააღმდეგ მიდის [ბრძოლა], რომელსაც არ აქვს სამხედრო ფორმა. დღევანდელი მმართველი რეჟიმი მიდის იმ მიმართულებით, რომ გააუქმოს საქართველოს დამოუკიდებლობა. ეს უნდა გაიგონ ჩვენმა პარტნიორებმა, როცა ლაპარაკი იქნება შავ ზღვაზე, დღევანდელი “ქართული ოცნება” შავ ზღვაზე აპირებს შემოიყვანოს ჩინეთი ანაკლიის პორტში, რუსები აპირებენ ოჩამჩირეში საზღვაო ძალების ბაზას…

უნდათ, თუ არ უნდათ, საქართველო ჩართულია შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში… ის ფაქტი, რომ ჩვენს ტერიტორიაზე არსებობს ოკუპირებული ტერიტორიები, ვერ იქნება მივიწყებული. საქართველო არის თემა ევროპისთვის, რაც არ უნდა არსებობდეს დღეს ისეთი, გამოწვევები რაც უფრო მეტად იწვევს ყურადღებას. ესაა მიზანი და მოთხოვნა მომავალი ევროპული საბჭოსთვის, იქ უშუალოდ იყოს ჩაწერილი დღის წესრიგში საქართველოს საკითხი”, – თქვა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, წერილში ასევე მოთხოვნილია, რომ ევროპული საბჭოს მომავალ სხდომაზე დღის წესრიგში საქარველოს საკითხი ჩაიწეროს.

მანამდე პრეზიდენტმა “ქართული ოცნების” ნაბიჯებზე ისაუბრა და თქვა, რომ საჭიროა, პარტნიორების მხრიდან ამაზე მეტი რეაგირება იყოს.

ის გამოეხმაურა ფონდების დაყადაღებასაც.

“ის, რაც ახლა ხდება, ეს არის, პრაქტიკულად, გამოცხადებული ომი საზოგადოების წინააღმდეგ… ყველაზე ახალი და საგანგაშო შეიძლება იყოს ფონდების დაყადაღება, ეს არის ომი სოლიდარობაზე”, – თქვა მან.

იტვირთბა....