ახალი ამბები კრიმინალი

მკვლელობა თბილისში – შსს ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულია ორი პირი.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2003 წელს დაბადებული ბ.ქ. განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო 2001 წელს დაბადებული ა.კ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის თბილისში დააკავეს.

დანაშაულები 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 12 აპრილს, თბილისში, ორთაჭალის ქუჩაზე, რამდენიმე პირს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკების შედეგად დაწყებული ფიზიკური დაპირისპირებისას, ბრალდებულმა ბ.ქ.-მ 1989 წელს დაბადებულ დ.მ.-ს და 1988 წელს დაბადებულ ა.მ.-ს ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, დ.მ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო ა.მ.-ს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

ინციდენტში მონაწილე ა.კ. მკვლელობის და დაჭრის ფაქტს შეესწრო, თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბ.ქ. და ა.კ. ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით, ასევე, 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

იტვირთბა....