თბილისში, ძლიერი ქარის გამო, ხის დაცემის შედეგად დაშავებული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა.
როგორც “მეტრონომს” კლინიკა “ოპტიმალ მედის” გენერალურმა დირექტორმა, ეკატერინე ლორიამ განუცხადა, პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდა.
“დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა 14:13 საათზე შემოიყვანა ჩვენთან. პაციენტს, დაახლოებით, 40 წლის ქალს, აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები, იყო კრიტიკულ მდგომარეობაში. დაუყოვნებლივ დაიწყო გაიდლაინით განსაზღვრული სამედიცინო დახმარება, ჩატარდა მაღალტექნოლოგიური კვლევები. მიღებული ტრავმები აღმოჩნდა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი და 16:30 საათზე დადგა ბიოლოგიური სიკვდილი”, – განაცხადა “მეტრონომთან” ეკატერინე ლორიამ.
ცნობისთვის, დღეს ვარკეთილში, ძლიერი ქარის გამო, ხის დაცემის შედეგად, ორი ქალი დაშავდა.
მეორე დაშავებულს ოპერაცია უტარდება.