ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

აშშ-ის საელჩო: რუსული სისასტიკე 9 აპრილის სიმბოლო არასოდეს იქნება, ვინაიდან ეს თარიღი ეკუთვნით ქართველებს

[su_quote]საქართველოში განსაკუთრებული სიმძაფრით განიცდიან რუსეთის მიერ წინასწარგანზრახულ და არაპროვოცირებულ ომს უკრაინაში, ვინაიდან ხალხს კარგად ახსოვს გატეხილი პირობების, ძალადობისა და ოკუპაციის ისტორია რუსეთთან. ამის გამოა, რომ ათობით ათასი ადამიანი გამოდის აქციებზე, აგროვებს ჰუმანიტარულ დახმარებას, მასპინძლობს და გვერდში უდგას უკრაინელ ლტოლვილებს. სამწუხაროდ, რუსული არმიის სისასტიკე საუკუნეებს ითვლის და აგრესორი მეზობლის ხელით საქართველოს თავისი წილი კოშმარი აქვს გამოვლილი.
1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ძალების მიერ დამოუკიდებლობის მხარდამჭერ დემონსტრანტებზე თავდასხმისა და მათი დახოცვის სასტიკი ქმედება მწარე მოგონებად სამუდამოდ დარჩება. თუმცა, რუსული სისასტიკე ამ დღის სიმბოლო არასოდეს იქნება, ვინაიდან 9 აპრილი ეკუთვნით ქართველებს, რომლებმაც თავისი ქვეყნის თავისუფლების სურვილით არნახული სიმამაცე გამოიჩინეს და საქართველოს დამოუკიდებლობისკენ გაუკვალეს გზა[/su_quote]

ნათქვამია აშშ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა. ამასთან, პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ. 33 წლის წინ დაღუპული გმირები არიან: აზა ადამია – 22 წლის; ნათია ბაშალეიშვილი – 16 წლის; ეკა ბეჟანიშვილი – 15 წლის; ნატო გიორგაძე – 23 წლის; თამუნა დოლიძე – 28 წლის; თინა ენუქიძე – 70 წლის; ნინო თოიძე – 22 წლის; ზაირა კიკვიძე – 61 წლის; მანანა ლოლაძე – 34 წლის; თამარ მამულაშვილი – 50 წლის; ვენერა მეტრეველი – 45 წლის; მამუკა ნოზაძე – 21 წლის; ნანა სამარგულიანი – 41 წლის; შალვა ქვასროლიაშვილი – 35 წლის; მარინა ჭყონია-სამარგულიანი – 31 წლის; ელისო ჭიპაშვილი – 25 წლის; თამარ ჭოველიძე – 16 წლის; ნოდარ ჯანგირაშვილი – 40 წლის; მზია ჯინჭარაძე – 43 წლის; მანანა მელქაძე – 26 წლის და გია ქარსელაძე – 25 წლის.

ამავე თემაზე: ქალი 9 აპრილის ფოტოდან –  9 აპრილის თაობა არ და ვერ დათმობს ქვეყნის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. ამის იმედი არავის ქონდეს!!!

იტვირთბა....