შავი დროშა და მკაცრი მზერა – ქალი 9 აპრილის ფოტოდან, რომელიც ისტორიის ნაწილად იქცა. ნანა მახარაძე ახლა ემიგრაციაშია და მეტრონომთან ტრაგიკული დღის დეტალებს იხსენებს. მისი თქმით, 9 აპრილი უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა იყო საქართველოს ისტორიაში. “ჩვენ ნათლად დავინახეთ რუსეთის იმპერიის გაუგონარი სისასტიკე”, – აცხადებს მახარაძე.
9 აპრილისა და ზოგადად, თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი ხალხის ერთ-ერთი სიმბოლო სასტიკი დარბევის მოვლენებს იხსენებს და აცხადებს, რომ ქართველი ერი საკუთარი სიცოცხლისა და სისხლის ფასად დადგა მონსტრის წინააღმდეგ.
“9 აპრილი უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა იყო საქართველოს ისტორიაში. ჩვენ ნათლად დავინახეთ რუსეთის იმპერიის გაუგონარი სისასტიკე. გაერთიანებული ქართველი ერი საკუთარი სიცოცხლისა და სისხლის ფასად დადგა მონსტრის წინააღმდეგ. აქციებზე დიდი თუ პატარა ერთადერთი მოთხოვნით იდგა – თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველო. საოცარი სანახავია გართიანებული და მედგარი ქართველი ხალხი. ამ თარიღმა სამართლიანად დაყო საქართველოს ისტორია 9 აპრილამდე და 9 აპრილის შემდეგ. მოვლენა რომელსაც ჰყავდა გმირები თუ ანტიგმირები, მედროშეები თუ მედროვეები, მაგრამ მოვლენა,რომელმაც შეცვალა ქვეყნის თითოეული მოქალაქის ცხოვრება და მომავალი”, – აცხადებს მახარაძე.
მისი თქმით, აქციაზე მყოფ ადამიანებს სჯეროდათ, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა იყო ყველაზე სამართლიანი მოთხოვნა: “დარწმუნებული ვიყავით,რომ საქართველო შეძლებდა ღირსეულად ცხოვრებას ცივილიზებულ სამყაროსთან”.
არის თუ არა დღევანდელი საქართველო ის ქვეყანა,რომელზეც 9 აპრილის თაობა ოცნებობდა – მახარაძის თქმით, 30 წელი ისტორიის ერთი გაელვებაა და ქართველებმა ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა ასწავლონ ერთმანეთს.
“30 წელი ერთი გაელვებაა ისტორიისთვის,მე მჯერა რომ ეროვნულობით, განათლებით და ერთმანეთის სიყვარულით ჩვენ ყველაფერს შევძლებთ. ჩემი ყველაზე დიდი სურვილია გაერთიანებული საქართველოს ხილვა – ჩემი სამშობლო, ძლიერი სახელმწიფო. მე შევცვლიდი ადამიანების ერთმანეთისადმი დამოკიდებულებას, ყოველდღე შევახსენებდი ხალხსაც და მთავრობასაც საკუთარ უფლება-მოვალეობებს. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ერთი წერტილი მსოფლიო რუკაზე, ამიტომ ყველას მოგვეთხოვება სამშობლოს გაფრთხილება”, – აცხადებს ემიგრაციაში მყოფი თავისუფლების ერთ-ერთი სიმბოლო.
ნანა მახარაძე 1989 წლის 9 აპრილის კონტექსტში რუსეთ-უკრაინის ომსაც ეხება და აცხადებს, რომ აღარ იქნება, “ბაბაიას,” ძახილი რადგან რუსეთი დღეს ყველაზე უღირსი სახელმწიფოა დედამიწაზე.
“ჩვენ წილად გვხვდა უდიდესი იმპერიის და მონსტრის გვერდით ცხოვრება. მისი მახრჩობელა მარწუხების სისასტიკე კარგად გამოვცადეთ 9 აპრილს, აფხაზეთის ომში, 2008 წლის აგვისტოში… ქართველებმა ვიცით რას ნიშნავს, “მეზობელი კარისაო”…
გადამეტებულ სტუმართმოყვარეობასაც გვაბრალებენ როცა მავანთ აწყობთ, ვიცით რომ ადგილმდებარეობას ვერცერთი შევიცვლით, ისიც გვესმის, რომ როგორც სახელმწიფო ჩვენზე დიდი და ძლიერია, მაგრამ 9 აპრილის თაობა, მათი აღზრდილი შვილების თაობა, ჩვენი ფერადი მომავლის თაობა, რომელიც თავისუფალ ქვეყანაში გაიზარდა არ და ვერ დათმობს ქვეყნის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. ამის იმედი არავის ქონდეს!!!
აღარ იქნება ,,ბაბაიას,, ძახილი რადგან რუსეთი დღეს ყველაზე უღირსი სახელმწიფოა დედამიწაზე.
რაც დღეს უკრაინაში ხდება, წარმოუდგენელია ცივილური სამყაროსთვის, უარესი ხდებოდა აფხაზეთში… ვფიქრობ, მალე დადგება დღე, როცა დედამიწელები პასუხს აგებინებენ რუსეთს ყველაფრისთვის”, – ამბობს მახარაძე.
1989 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი დემონსტრაცია რუსმა ჯარისკაცებმა ქიმიური საშუალებებით, ჯავშანტექნიკითა და ცეცხლსასროლი იარაღით დაშალეს. შედეგად, დაიღუპა 21 დემონსტრანტი, მათ შორის ქალები და სკოლის მოსწავლეები. ქიმიური ნივთიერებებით მოიწამლა 2000-მდე ადამიანი, იყვნენ დაჭრილებიც.
ტრაგიკული დღიდან ზუსტად ორ წელში 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.