1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის ჯარებმა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს.
9 აპრილის დარბევის შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი, რომელთა შორის ქალები და სკოლის მოსწავლეებიც იყვნენ. ამას გარდა იყვნენ დაშავებულები, სულ 427 ადამიანი. ასევე დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2 000-მდე პირი.
1989 წლის 9 აპრილიდან, ზუსტად მეორე წლისთავზე, საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.
9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.
ქართველ ერს ახსოვს 9 აპრილი – საქართველოს იმდროინდელმა ოპოზიციონერმა ლიდერებმა, მერაბ კოსტავამ და ზვიად გამსახურდიამ ქართველ ხალხში ეროვნული სულისკვეთება გააღვიძეს. გუგუნებდა მთელი ქვეყანა და მოთხოვნა იყო ერთი, „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა“.
8 აპრილს, მთავრობის სახლის წინ შიმშილობის აქცია დაიწყო…იმის ნაცვლად, რომ მიტინგის დაშლა უხმაუროდ მომხდარიყო, სამხედროების ბრძანებით ქალაქში დილით, ხალხის დაშინების მიზნით, ჯავშანტექნიკა გამოიყვანეს, ხოლო თბილისს სამხედრო ვერტმფრენებმა გადაუფრინეს. ამან ისეთი რეზონანსი გამოიწვია, რომ ყველა მთავრობის სასახლეს მიაწყდა.
ქალაქში, გამსახურდიას ძეგლთან 500-მა ქალმა გამოაცხადა შიმშილობა. მიტინგის ორგანიზატორები შეკრებილთ მოუწოდებდნენ, რომ არ დაშლილიყვნენ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სამხედრო ნაწილები გამოჩნდებოდნენ.
დილის 03:30 საათზე, მიტინგის დარბევამდე მთავრობის სახლის წინ მომინტიგეების წინაშე გამოსული იყო საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია II, რომელმაც მოუწოდა მომიტინგეებს სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით გადაენაცვლათ ქაშუეთის ეკლესიაში, რაზეც მონაწილეებმა უარი განაცხადეს.
დილის 04:00 საათზე დაიწყო დარბევა, რაც საქართველოს ისტორიაში სისხლიან ლაქად დარჩა. ლაქად, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა მოუტანა. ჯარისკაცები უსწორდებოდნენ მომიტინგეებს, რომელთა შორის უმრავლესობა ქალები და ბავშვები იყვნენ. მათ ვინც გაქცევა ვერ მოასწრო და გადარჩენის იმედით ბუჩქებში იმალებოდა, სამხედროები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
9 აპრილის ტრაგედიის მონაწილე ქალბატონი, ცისმარი ლორთქიფანიძე „მეტრონომთან“ საუბრისას იხსენებს, რომ 33 წელია, რაც მემორიალთან ვერ მიდის, რადგან იმ დღის გახსენება მისთვის ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმეა.
მისივე თქმით, სიკვდილის აქციის მონაწილეებს არ ეშინოდათ. იმდენად გაჟღენთილები იყვნენ სამშობლოს სიყვარულით, მათთვის სიკვდილიც არაფერი იყო.
„მთავრობის სასახლის წინ მიმდინარეობდა შიმშილობის აქცია, მათ შორის ვიყავით მე და ჩემი 17 წლის ქალიშვილი. მოთხოვნა იყო საქართველოს დამოუკიდებლობა… ჩვენ არ ვშიმშილობდით, თუმცა მთელი დღე და ღამე იქ ვიყავით. მაშინდელი ხელისუფლება ყურადღებას არ გვაქცევდა, არც ხალხს და არც ოპოზიციონერ ლიდერებს, მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას. შემდეგ ეს პროტესტი მასობრივ და მასშტაბურ აქციაში გადაიზარდა. 8 აპრილს დღისით ხალხი ბევრი არ იყო, თუმცა საღამოს რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. არავის გვეშინოდა, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლო დარბევის შესახებ ხმები დადიოდა.
ღამის 4-ის ნახევარზე მობრძანდა პატრიარქი და მისი კალთა მომეფინა, ცრუმორწმუნე არ ვარ, თუმცა, ამის შემდეგ იმ ღამეს ნამდვილად გადავრჩი. შემდეგ იყო მოწოდებები ქაშუეთის ეკლესიისკენ წასვლის, თუმცა ასე არ მოვიქეცით. ჩემი ხმაც ისმის, როდესაც ვამბობ, რომ არა არ წავალთ. ხალხში არნახული განწყობა იყო, სასწაული, ამის გადმოცემაც კი არ შემიძლია. ვფიქრობდით, რომ შემოვიდოდნენ, თუმცა ასე სასტიკად დარბევას ვერავინ წარმოიდგენდა. არ დაუჯერეს პატრიარქს და ადგილზე დავრჩით. ეს ის მომენტია, როდესაც უსინათლოებმა დაიწყეს სიმღერა. ზუსტად ამ დროს გაისმა ტანკების შემოსვლის ხმები. ხალხმა დაიწყო შევიწროება. თანდათან ხალხის ტალღამ მაღლა აგვიყვანა. შეიქმნა საშინელი ჭყლეტვა, დავვარდი პირით, ჩემი შვილი წევს და მეუბნება „დედა მიშველე“…თუმცა მე მოძრაობა არ შემიძლია. მოვიდა სუნი, რომელიც სავარაუდოდ გაზი იყო.
ამ მდგომარეობამ დაახლოებით 10 წუთი გასტანა – შვილი მიკვდებოდა და ვერ ვშველოდი. რამდენიმე ხნის შემდეგ ხალხი გაიწია, ავდექი და ჩემი გოგოც წამოვაყენე. მივედით პოლიციასთან და მათ ამ ადგილიდან გამოგვიყვანეს. მადლობა მათ, ეს თავის დროზე დავწერე. დაიძახეს „ყველანი გვირაბში“, შემდეგ კი პირიქით თქვეს, რომ იქ ადამიანებს კლავდნენ და არ ჩავსულიყავით. მოვიხედე და მოედანზე ხალხი აღარ იყო, მხოლოდ ჯარისკაცები დარბოდნენ ნიჩბებით. ვიღაცამ დაგვიძახა „სასწრაფოდ გაიქეცით თეატრისკენ“, გავრბივართ ჩვენ და მოგვსდევენ ამ ორლესული ბარებით. ეს საშინელი გრძნობაა, სიზმარში ნანახავს გავდა. როდესაც მოგსდევენ, ვერაფერს აკეთებ და გეწევიან”, – იხსენებს ქალბატონი ცისმარი.
როგორც ის აცხადებს, რუსთაველის თეატრში მსახიობები გოგი ხარაბაძე და კახი კავსაძე დახვდნენ და შეიფარეს.
„რუსთაველის ჭიშკართან დაგვხვდნენ გოგი ხარაბაძე და კახი კავსაძე. მიგვიღეს და შეგვიფარეს. ჩემს გოგონას ფეხსაცმელებიც არ ეცვა, არეულობის დროს დაკარგა. დაქანცულები, ღამენათევები დავჯექით. არვიცით, ვინ საით წავიდა, რა მოხდა. ზუსტად ამ დროს ისმის საშინელი მტვრევის ხმა. მოსულან რუსთაველის თეატრის ცენტრალურ შესასვლელთან და ამტვრევენ ბარებით. ვერ შემოვიდნენ, მაგრამ შემოუშვეს გაზი, გვეწვის თვალები. აქციაზე დაგვირიგეს სოდიან წყალში ამოვლებული მარლები და გვითხრეს, რომ მომწამვლელი აირის შემთხვევაში თვალებზე აგვეფარებინა, ასეც მოვიქეცით და ამან გვიშველა.
მერე დაიძახა ვიღაცამ, რომ შემოანგრიეს კარები და შემოდიან. გავიქეცით, საპირფარეშოში დავიმალეთ…ამდენი ხალხი და საშინელი სივიწროვე იყო. მაშინ ჩვენთან ერთად იყო მსახიობი ნანა ფაჩუაშვილი, იზა გიგოშვილი. იქ საკმაოდ დიდი ხანი ვიყავით, შემდეგ ამოვედით და თეატრის სცენაზე ჩამოვსხედით. იმდენად დაღლილები ვიყავით, რომ დაგვეძინა. სწორედ ამ დროს გაისმა ხმა „მოკლეს, მოკლეს“…გამოვიქეცით ყველა…ვინ მოკლეს და გაირკვა, რომ ეს იყო თამარ ჭოველიძე, რომელიც შესასვლელთან მოკლეს, რუსებმა ბარებით აჩეხეს. ეს გაუგონიათ გარეთ მყოფებს, თამარი იძახდა: „ნუ მომკლავთ, ერთი ვყავარ ჩემს მშობლებს“. შემდეგ გამოგვაცილეს და წამოვედით. კომენდანტის საათი იყო გამოცხადებული. რუსი ჯარისკაცები ბარებით იდგნენ ქუჩებში. მე ცოტა რუსული ვიცი, მივედი რუს ჯარისკაცთან და ვეუბნები „წადით აქედან, ეს თქვენი მიწა არ არის“, მაგრამ იღიმებოდნენ და იყვნენ“, – აღნიშნავს ის.
9 აპრილის მოვლენების მონაწილე ქალბატონი იხსენებს, რომ იმ დღის ტრაგედიის შემდეგ 40 დღე შავები არ გაუხდია.
„მას შემდეგ მეორე დღეს, ვიპარებოდით და ჩავდიოდით სიონის ეკლესიაში. იქ მოდიოდა ზვიად გამსახურდია, მუხლებზე დაჩოქილი ლოცულობდა. ეს იყო საოცრება. ზვიადისტი არ ვარ, მაგრამ თავისი პატრიოტიზმის გამო პატივს ვცემდი. შემდეგ გავიგეთ, რომ 21 ადამიანი გარდაიცვალა. 40 დღე მთავრობის სასახლის წინ იყო ყვავილები, მოდიოდნენ და მიაგებდნენ პატივს. მე 40 დღე შავები არ გამიხდია. დღეში ორჯერ ჩავდიოდი და ვტიროდი. სიკვდილის არ გვეშინოდა. იმდენად გაჟღენთილები ვიყავით სამშობლოს სიყვარულით სიკვდილიც არაფერი იყო. რომ იძახიან 9 აპრილი, ვინ მოიტანა ეს ყველაფერი, ჩვენ მოვიტანეთ…მიდიან მოვალეობის მოსახდელად. თქვენ იცით, რომ მე მემორიალთან ვერ მივდივარ?…აგერ უკვე 33 წელი გადის…ვერ მივდივარ იქ, მიჭირს ფსიქოლოგიურად…უბრალო ხალხი, ვინც მიდის, იმათ ნამდვილად პატივს ვცემ. მგონია, რომ დღევანდელ ახალგაზრდობაში გადმოსულია ის მუხტი, რომელიც მაშინ ჩვენ გვქონდა“, – აცხადებს ცისმარი ლორთქიფანიძე „მეტრონომთან“.
9 აპრილის მოვლენების კიდევ ერთი მონაწილე, ქალბატონი ფისო ნავროზაშვილი საკუთარ ისტორიას გვიყვება და იხსენებს დღეს, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა მოუტანა.
„პირველი რაც ამ ორმა დიდმა ლიდერმა, მერაბ კოსტავამ და ზვიად გამსახურდიამ გააკეთეს იყოს ის, რომ სტუდენტებთან ერთად დაიწყეს საპროტესტო გამოსვლები.
ამან მიიღო საყოველთაო სახე და მთელი საქართველო გუგუნებდა. როდესაც გამოდიოდა მერაბ კოსტავა და ახსენებდა საბჭოთა იმპერიას შიშისგან ხალხი ტაშსაც კი ვერ უკრავდა. საზოგადოება მერე ნელნელა გამხნევდა. როდესაც რადიოში გაისმა გორბაჩოვის ხმა, რომელმაც თქვა „ბოდიშს ვუხდი ქართველ ერს“ და კრემლმა უკან დაიხია, ეს იყო გასაოცარი გამარჯვება. ისეთი ზარზეიმი იყო, ისმოდა ხალხის შავლეგო, ჩემო კარგო ქვეყანავ. ამ გამარჯვების შედეგად ქართველ ხალხში ლიდერების მიმართ ნდობა გაძლიერდა და პიკს მიაღწია.
სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო უკვე ხალხის გაერთიანება და იფეთქა ქართულმა სულმა“, – ამბობს ფისო ნავროზაშვილი.
ის ასევე იხსენებს, რომ 9 აპრილს რუსთაველის მოედანზე პურის საჭრელი დანაც არყოფილა და აქცია მშვიდობიანი იყო.
„4 აპრილს მთავრობის სახლთან გაიმართა აქცია, რომლის ლოზუნგითაც ქართული ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა კრემლს დაუპირისპირდა. „ვითხოვთ საქართველოს დამოუკიდებლობას“, ამით ბრძოლა სულ სხვა ეტაპზე გადავიდა. რა თქმა უნდა იყო პროვოკაციები, მე მახსოვს ერთხელ აქციაზე გამოაცხადეს, რომ მხარდასაჭერად მოიტანეს ბარიკადები. ამ დროს ისმის ხმა ტრიბუნიდან, „ბატონებო ჩვენი ბრძოლა არის მშვიდობიანი და არა ძალისმიერი“. მერე მივხვდით, რომ ეს იყო პროვოცირებული.
რუსთაველზე პურის საჭრელის დანაც არ ყოფილა, იყო მხოლოდ სანთლები, ფურცლები ფანქრები. ისე იყო გავლილი ყველა გზა, რომ ლოცვით, სიმღერით ამხელა იმპერიასთან გაიმარჯვა საქართველომ. ამ ფსიქოლოგიით იყო ეს ბრძოლა გაჯერებული.
ელვისებური სისწრაფით მოხდა ჩვენი ცნობიერების ამაღლება, რადგან მანამდე საბჭოთა კავშირით აღფრთოვანებულები ვიყავით. უცებ დავინახეთ, რომ თაყვანს ვცემდით არა ღმერთს, არამედ ანტიქრისტეს. ეს ყველაფერი მერაბმა და ზვიადმა გააკეთეს.
არის ხოლმე კითხვები: იცოდით თუ არა, რომ მოხდებოდა დარბევა. რა თქმა უნდა უკვე ვრცელდებოდა ინფორმაცია. ასევე ამბობენ, რომ ხალხმა არ იცოდა, თორემ არ გავიდოდა. ეს ასე არ არის, ჩვენი ხალხი გმირია.
მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს ვენაცვლებოდით და გრაფიკი გვქონდა, რადგან მცირეწლოვან შვილებს ვერ ვტოვებდით. მთელი მოედანი სავსე იყო, ყველა ერთმანეთს ვუფრთხილდებოდით. არნახული სიყვარული სუფევდა. მოდიოდნენ კოლონები, გვიერთებოდნენ რაიონები. შემოდიოდნენ ქუთაისი, ბათუმი, გურია და სამეგრელო. სასწაული გარემო იყო. 8 აპრილს როდესაც აქციაზე შესვლა დავაპირეთ ბიჭებს ჰქონდათ კორდონი და ქალები არ დაიშვებოდა. ეს იყო მანიშნებელი, რომ საფრთხე არსებობდა.
ეს იყო პერიოდი, როდესაც იწყებოდა 9 აპრილი. დაიწყო, რაც დაიწყო. მერე იყო ნათქვამები, რომ აქტივისტებმა არ დაუჯერეს პატრიარქს და კარგიც მიიღესო. პატრიარქს ასე უნდა ეთქვა, მაგრამ საბჭოთა ჯარები უკვე შემოსულები იყვნენ და ეს ომი იყო. არ დანებდნენ აქტივისტები, რადგან მათ ფიცი ჰქონდათ. შემდეგ უსინათლოებმა დაიწყეს სიმღერა „დაუკარით“. შემდეგ ისინი ხელით გაიყვანეს. მამაკაცები ქალების გაყვანაზე თვითონ ზრუნავდნენ, ეფარებოდნენ და ისე გაჰყავდათ.
ამ დროს გაქცევა ვის გაუგია. გვესროდნენ, მაგრამ ჩვენ არავისთვის გვიპასუხია. 5 საათისთვის უკვე ყველაფერი დალუქული იყო“, – იხსენებს ქალბატონო ფისო.
როგორც ის „მეტრონომთან“ საუბრისას აღნიშნავს, მაშინდელ ხელისუფლებას დახმარება არ გაუწევია და გარდაცვლილთა საფლავები მიწით მოქალაქეებმა საკუთარი ხელებით ამოავსეს.
„ამ ომმა უზარმაზარი ძვრები მოიტანა, როგორც საქართველოში ისე მთლიანად ევროპაში. მახსოვს ბალტიისპირეთის წარმომადგენელმა გვითხრა „ქართველებმა აიღეთ ჯვარი, ჯვარზე გაეკარით, რომ სხვები გეხსნათო“.
საშინელი იყო 9 აპრილი. არ ვიცოდით ვინ იყო მკვდარი და ვინ ცოცხალი. გამოიკრა ხეებზე გვარები და სახელები. მიდიოდნენ და არამიანცში ეძებდნენ თავიანთ ახლობლებს. დილიდან ჩაირთო სირენები, მანქანები სიგნალები. მოდიოდნენ კოლონები, გადმოწეული იყო შინდისფერი დროშები. ბიჭებს ჰქონდათ შუბლზე შავი ლენტები. ყველანი ერთნი ვიყავით გადავდიოდით მანქანებში. შემდეგ შემოიღეს კომენდანტის საათი და საღამოს 9 საათის შემდეგ საშინელი სიჩუმე ჩამოწვა საქართველოში.
მერაბი და ზვიადი დაკავებულები იყვნენ… ბიჭები იარაღის შეგროვებას აპირებდნენ. 9 აპრილის ორგანიზაციაში შეგროვდა თანხა, რომელიც დაზარალებულებს მოხმარდა. ხელისუფლებას ერთი ნიჩაბი არ მოუხმარია და ჩვენმა ბიჭებმა მუჭებით ამოავსეს გარდაცვლილთა საფლავები.
მსგავსი პრეცედენტი, რომ საქართველოს ლოცვით და სიმღერით ამხელა ომი მოეგო, ასეთი იმპერიის წინაშე, არ ყოფილა.
საქართველოს დამოუკიდებლობა ფაქტობრივად შეწყდა 1992 წლის გადატრიალების შემდეგ. ვინც ეს მოვლენები მოაწყო დღემდე ისინი მართავენ საქართველოს. თუმცა ჩვენ 9 აპრილამდე სწორედ ასე ვიყავით მიძინებულები და შემდეგ გამოვიღვიძეთ. მჯერა, რომ თანამედროვეობაშიც ასე მოხდება. ჩვენ იურიდიულად დამოუკიდებლები ვართ, რადგან გამსახურდიას იოსელიანისთვის და შევარდანაძისთვის ლეგიტიმაცია არ გადაუცია. ვიცი, რომ ახალგაზრდობაში სულისკვეთება არის. მოვა დრო, როდესაც ეს ყველაფერი აუცილებლად გაიღვიძებს“, – აცხადებს ფისო ნავროზაშვილი.
1989 წლის 9 აპრილი იყო უნიკალური მოვლენა, როდესაც ქართველი ხალხი საბჭოთა იმპერიას დაუპირისპირდა და მშვიდობიანი ბრძოლით დაამარცხა.
1991 წლის 9 აპრილს, 2 წლის შემდეგ, რუსეთის არმიის მიერ მოკლულთა პატივსაცემად, საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
ქართველმა ხალხმა 9 აპრილს, თავისუფლება საკუთარი სისხლით მოიპოვა, რომლის შენარჩუნება ახლანდელი და მომავალი თაობების მოვალეობაა.
ავტორი: მარიამ ხულიაშვილი