ახალი ამბები მთავარი სამართალი

“მედიატორის” დამფუძნებელი კალაძის ცოლისძმის საქმეზე პროკურატურაში დაიბარეს

“მონიტორინგის ცენტრი-მედიატორი”-ს დამფუძნებელი გივი კუბლაშვილი მოდულის შენობაში, მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარეს. საქმე ეხება კალაძის ცოლის ძმის, გიორგი არეშიძის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის მიერ გაკეთებულ, შაორის ბანაკის გახსნა-დახურვის ცერემონიის ხარჯებს, რომელისთვისაც მერიამ, არეშიძის საქალაქო სამსახურის თანამშრომელს და მის მეგობარ ომარ გოგუაძეს 95 300 ლარის ხელშეკრულება გაუფორმა.

“მეტრონომი” კუბლაშვილს ესაუბრა. მან ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ბანაკის გახსნა-დახურვის საკითხებს და მერიის მიერ გაწეულ ხარჯებს ორგანიზაცია სწავლობდა.

“კალაძის ცოლისძმის საქმესთან დაკავშირებით მოდულის შენობაში დამიბარეს. საქმე ეხება შაორის ბანაკის გახსნაზე მერიის გადარიცხულ თანხას. ეს თანხა მერიამ საკუთარ თანამშრომელს გადაურიცხა, რომელსაც ერთი თვით ადრე შეაქმნევინეს აიპი. მაშინ მერიამ ამ აიპის 95 300 ლარი გადაურიცხა. როდესაც გამომძიებელმა დამირეკა განმიმარტა, რომ საქმე ეხებოდა კალაძის ცოლის ძმის გიორგი არეშიძის საკითხს”. – აცხადებს კუბლაშვილი.

 

იტვირთბა....