ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

Politico: შოლცი უკრაინისთვის გერმანული ტანკების მიწოდებას აჭიანურებს

მედია ორგანიზაცია Politico-ს ცნობით, მაღალი რანგის ოფიციალური პირების ზეწოლის მიუხედავად, გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი უკრაინისთვის მაღალტექნოლოგიური ტანკების მიწოდების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას აჭიანურებს.

როგორც “პოლიტიკო“ წერს, საუბარია დაახლოებით 100 ტანკზე, რომელთა უკრაინისთვის გაგზავნის ინიციატივითაც გერმანიის ეკონომიკის მინისტრი, ვიცე-კანცლერი რობერტ ჰაბეკი და საგარეო საქმეთა მინისტრი ანნალენა ბერბოკი გამოვიდნენ.

“ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება ამ კვირაში იყო მოსალოდნელი, მაგრამ ახლა კანცლერი ამტკიცებს, რომ მანამ უკრაინისთვის მძიმე სამხედრო აღჭურვილობას გამოყოფს, გერმანიამ ამ თემაზე ჯერ საერთო პოზიციას უნდა მიაღწიოს დასავლელ მოკავშირეებთან”, – წერს Politico და წყაროზე დაყრდნობით, შოლცის სიტყვები მოჰყავს – “ვფიქრობ, ეს სწორედ ის საკითხია, რომელშიც გერმანიის მხრიდან განსაკუთრებული როლის აღება საკუთარ თავზე, დიდი შეცდომა იქნებოდა”.

ცნობისთვის, ჯერ კიდევ თებერვალში ბერლინმა უკრაინისთვის ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო რაკეტების მიწოდების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, როგორც “პოლიტიკო” წერს, ოფიციალური პირები კიევისთვის უფრო მძიმე საბრძოლო ტექნიკის მიწოდებას გამორიცხავდნენ და ამას იმით ხსნიდნენ, რომ უკრაინელი სამხედროებისთვის მათი გამოყენების სწავლება კვირებს ან თვეებს მოითხოვდა.

“თუმცა, რახან აღმოჩნდა, რომ ომი სავარაუდოდ დიდხანს გასტანს, ახლა ოფიციალური პირები ამბობენ, რომ დაიწყეს უკრაინისთვის ისეთი სამხედრო მარაგების მიწოდებაზე ფიქრი, რომელთა გამოყენებასაც ქვეყანა ომის უფრო შორეულ ეტაპზე შეძლებს.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში ფართომასშტაბიან ომს 24 თებერვლის შემდეგ აწარმოებს.

 

იტვირთბა....