NATO-სა და ევროკავშირის წევრებს სხვანაირი დახმარება შეუძლიათ, ჩვენ სხვანაირი, თუნდაც იმის გამო, რომ ისინი არიან NATO-ს წევრები და ჩვენ არ ვართ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში “იმედი LIVE“ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება უკრაინის დასახმარებლად მაქსიმუმს აკეთებს.
“ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ეს არის მაქსიმუმი – პოლიტიკურ ნაწილში ჩვენი მხარდაჭერა ასპროცენტიანია. დღესაც იყო კენჭისყრა გაეროში, სადაც იყო საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერაც. სადაც საქმე ეხებოდა მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ თუ რუსული აგრესიის წინააღმდეგ, ჩვენ გვქონდა ასპროცენტიანი მხარდაჭერა. რაც შეეხება ჰუმანიტარულ მხარდაჭერას, მაქსიმალურად ხელგაშლილები ვართ ამ მიმართულებით და რაც შესაძლებელია, ყველაფერს გავაკეთებთ მომავალშიც. რაც შეეხება სანქციებს, ეს არის ეკონომიკური თემა, ყველა თავისი შესაძლებლობების ფარგლებში ეკონომიკურ ურთიერთობებს ზღუდავს მეტად ან ნაკლებად რუსეთთან, მაგრამ სრულად არავინ. ჩვენს შემთხვევაში ვთქვით, რომ სანქციებს არ დავაწესებდით 2 მიზეზის გამო. ერთი მიზეზი უკავშირდება სამხედრო ინტერვენციის რისკს და მეორე უკავშირდება ეკონომიკურ საკითხებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.