“მტკიცებულებები მოსთხოვო მას, ვისაც წარმოუდგენელი განზრახვა და დანაშაული დააბრალე, სპეციალურად საქართველოსთვის გამოგონილი “ნოუ-ჰაუა” ამ სფეროში” – ასე შეაფასა პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ელოდებიან მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს, რომ საქართველო რუსეთს არ ეხმარება სანქციებისთვის გვერდის ავლაში.
“საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის ფარგლებში ჩვენ მოვისმინეთ კიდევ ერთი, ამჯერად სრულიად გაუგონარი განცხადება, რომელიც შეურაცხმყოფელია როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, რასაც დღეს სამწუხაროდ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან დაემატა მტკიცებულებების მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რაც არათუ ბუნებაში არ არსებობს, არამედ, მსგავსი სიბინძურე ფიქრადაც არ გაუვლია არავის, ჩვენი მხრიდან. მტკიცებულებები მოსთხოვო მას, ვისაც წარმოუდგენელი განზრახვა და დანაშაული დააბრალე, სპეციალურად საქართველოსთვის გამოგონილი “ნოუ-ჰაუა” ამ სფეროში. გასაგებია, რომ მსგავსი განცხადებების უკან საქართველოში “ომის პარტიის” და უკრაინაში ხელისუფლებაში მყოფი ცალკეული ადამიანები დგანან, თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ უკრაინის შესაბამისმა სამსახურებმა წარმოადგინონ რაიმე სახის მტკიცებულება საქართველოსთვის წაყენებული ამაზრზენი ბრალდების, ან საჯაროდ უარყონ საკუთარი აბსურდული განცხადებები მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის მიმართ”, – განაცხადა მდინარაძემ სპეციალურ ბრიფინგზე.
ცნობისთვის, მანამდე უკრაინის დაზვერვამ ინფორმაცია გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქცირებული კონტრაბანდის შეტანაზე შეუთანხმდა.