მთავარი მსოფლიო ჯანდაცვა

ახალი ვირუსი – ორსულები განსაკუთრებულად ფრთხილად!

ლათინო ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების ჯანდაცვის სამინისტროები ქალებს მოუწოდებენ 2018 წლამდე თავი შეიკავონ დაორსულებისგან, რადგან ახალი “ზიკა” ვირუსის საფრთხის წინაშე დგანან. ვირუსი მწერის ნაკბენით ვრცელდება და მუცლადყოფნის დროს ბავშვებში სხვადასხვა პათოლოგიას იწვევს.

ვირუსის მრავალი შემთხვევა დაფიქსირდა ბრაზილიაში, სადაც ბავშვების რიცხვმა, რომლებიც მიკროცეფალიით, ან წარმოუდგენლად პატარა ზომის თავით იბადებიან, ოქტომბრის შემდეგ 4 000-ს მიაღწია.

როგორც BBC იუწყება, აშშ-ს ჯანდაცვის დაწესებულებებმა ორსული ქალები გააფრთხილეს, რომ თავი შეიკავონ დაახლოებით 20 ქვეყანაში მოგზაურობისგან, სადაც “ზიკა” ვირუსი დაფიქსირდა.

როგორც ცნობილია, მიკროცეფალიასა და ზიკა ვირუსს შორის კავშირი არ არსებობს. თუმცა, დაღუპული ბავშვების უმრავლესობას ზიკა ვირუსი ჰქონდა, ახალი კვლევები და განმარტებები ამ ორი დაავადების კავშირთან დაკავშირებით არ არსებობს.

ვირუსი გადამდები არ არის და ახასიათებს შემდგომი სიმპტომები: თავბრუსხვევა, სისუსტე, გულისრევა, მაღალი სიცხე.

კოლუმბიის ჯანდაცვის მინისტრმაც მოუწოდა ქალებს, რომ დაახლოებით 8 თვის განმავლობაში თავი შეიკავონ დაორსულებისგან, რათა მოსალოდნელი რისკები თავიდან აიცილონ. მსგავსი გაფრთხილება შეეხო ასევე სალვადორს, იამაიკას, ეკვადორს.

ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები ამ ფაქტს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ქალებს ამ რეგიონში ისედაც იშვიათად აქვთ შვილის ყოლის შესაძლებლობა.

“წარმოუდგენლად გულუბრყვილო განცხადებაა, მოუწოდო ქალებს გადადონ ორსულობა, თანაც კოლუმბიაში, სადაც ორსულობის 50% დაუგეგმავია და ხშირია სექსუალური ძალადობის ფაქტები,” – აცხადებს მონიკა როა, ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის წევრი.

ზიკა ვირუსის შესახებ საჭიროა ვიცოდეთ:

1) ვირუსის გადამტანია მწერი Aedes Aegypti , რომელიც ასევე ყვითელი ციებ-ცხელების მატარებელია.

2) ვირუსი პირველად 1940-იან წლებში აფრიკაში აღმოაჩინეს და შემდეგ მთელს ლათინურ ამერიკაში გავრცელდა.

3)მეცნიერებს სჯერათ, რომ ვირუსს კავშირი აქვს მიკროცეფალიასთან, რაც ბავშვების ანომალიურად მცირე ზომის თავით დაბადებას იწვევს.

4) მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის მთავარი სიმპტომი ციებ-ცხელებაა, ბევრ ადამიანს საერთოდ არანაირი სიმპტომი არ აქვს და არც იციან თუ დაავადებულნი არიან.

5) ვირუსისგან თავდაცვის ერთადერთი გზაა, რომ დამდგარი, დაგუბებული წყალი დიდხანს არ გააჩერონ, რადგან ასეთ პირობებში ვირუსის გადამტანი მწერები სწრაფად მრავლდებიან და თავი დაიცვან მწერების კბენისგან.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი აქვეყნებს იმ ქვეყნების სიას, სადაც ორსულმა ქალებმა რამდენიმე თვის განმავლობაში მოგზაურობისგან თავი უნდა შეიკავონ:

ცენტრალური და სამხრეთი ამერიკა – ბოლივია, ეკვადორი, გაიანა, ბრაზილია, კოლუმბია, ელ სალვადორი, ფრანგული გაიანა, გვატემალა, ჰონდურასი, მექსიკა, პანამა, პარაგვაი, სურინამი, ვენესუელა. კარიბის ზღვის აუზის ქვეყნები – ბარბადოსი, სანტ მარტინი, ჰაიტი, მარტინიკა, პუერტო რიკო, გვადელუპა. ოკეანეთი – სამოა. აფრიკა – კაპე ვერდე.

იტვირთბა....