ახალი ამბები კრიმინალი მთავარი საზოგადოება

ქუთაისში ახალგაზრდა ქალი მკვლელობისთვის დააკავეს

ქუთაისში, 27 წლის ქალი მკვლელობისთვის დააკავეს. მან 25 წლის კაცს დანით ყელის არეში დაზიანება მიაყენა, რის შემდეგაც ახალგაზრდა გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ:

“შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ს.ყ. თერჯოლის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

მას ბრალად განზრახ მკვლელობა ედება.  დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა, მიმდინარე წლის 31 მარტს, ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკებისას, მეგობარ მამაკაცს – 1997 წელს დაბადებულ ტ.კ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით კისრის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ს.ყ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

იტვირთბა....