ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

არახამია: რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულებას ერთი პირობით მოვაწერთ ხელს

რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის წევრი, რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” ერთ-ერთი ლიდერი დავით არახამია РБК-Украина-სთან ინტერვიუში საუბრობს, რის სანაცვლოდ მოაწერს უკრაინა ხელს სამშვიდობო ხელშეკრულებას.

არახამიას თქმით, უკრაინული მხარე დოკუმენტის ხელმოსაწერად მხოლოდ მას შემდეგ მიუჯდება მაგიდას, რაც რუსი ოკუპანტები სრულად გავლენ ქვეყნის ტერიტორიის იმ ნაწილიდან, რომელიც 23 თებერვლის მდგომარეობით ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარებოდა.

“როდესაც მივაღწევთ იმ მომენტს, როდესაც ხელშეკრულების ხელმოწერის საკითხი სერიოზული განხილვის საგანი გახდება, აუცილებელი წინაპირობა იქნება, მათ აქაურობა დატოვონ. მხოლოდ მაშინ დავსხდებით დოკუმენტის ხელმოსაწერად. ეს საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული ფორმაა, მხოლოდ ჩვენი მოთხოვნა კი არა, არამედ, აუცილებელი წინაპირობაა, რომ დოკუმენტის ხელმოსაწერად საჭირო სამუშაო იქნას უზრუნველყოფილი”, – აცხადებს არახამია.

დავით არახამიას თქმით, ამ მოლაპარაკებებში ყველაზე რთული ნაწილი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებია, რაც განხილვის საგანი ჯერ არ ყოფილა.

“ყველა საკითხის გადაწყვეტის გზას ცალ-ცალკე განვიხილავთ, მაგრამ რაიმეს ხელმოწერა ერთიან კონტექსტში მოხდება”, – ამბობს არახამია.

შეგახსენებთ, ბოლოს, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები სტამბოლში, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის შუამავლობით გაიმართა.

ამავე შეხვედრის შემდეგ, უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა, უსაფრთოების მყარი გარანტიების სანაცვლოდ გამოაცხადოს უბლოკო, არაბირთვული და ნეიტრალური სახელმწიფოს სტატუსი.

რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს 24 თებერვლის შემდეგ აწარმოებს.

იტვირთბა....