დიპლომატი ალექსანდრ ჩალი, რომელიც რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის იურიდიულ ჯგუფს ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ უკრაინა მზად არის, დააფიქსიროს უბლოკო სტატუსი და უარი თქვას სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსებში გაწევრიანებაზე. ამ ყველაფერს კი მისი თქმით, ქვეყანა უსაფრთხოების მყარი გარანტიების სანაცვლოდ დასთანხმდება.
ამის შესახებ გამოცემა UNIAN-ის ცნობით, ალექსანდრ ჩალიმ მოლაპარაკებების ახალი რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც სტამბოლში გაიმართა.
მისი თქმით, შეთანხმება შედგება იმ შემთხვევაში, თუ მასში NATO-ს მე-5 მუხლის მსგავსი ჩანაწერი გაკეთედება, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის ტერიტორიაზე ნებისმიერი სამხედრო აგრესიის განხორციელების შემთხვევაში, გარანტორი ქვეყნები ვალდებული იქნებიან უკრაინას სამხედრო დახმარება აღმოუჩინონ, მათ შორის, ჩაკეტონ ცა ქვეყნის თავზე.
“შეთანხმება უსაფრთხოების გარანტიებზე – ეს ომის დასრულების შესაძლო დიპლომატიური ფორმატია. ეს არის ტერიტორიული მთლიანობის და უკრაინის უსაფრთხოების დიპლომატიური საშუალებებით აღდგენის შესაძლებლობა. უკრაინის მთავარი მოთხოვნა არის მკაფიო იურიდიული გარანტიები, რომლებიც თავისი შინაარსითა და ფორმით NATO-ს მე-5 მუხლის მსგავსი უნდა იყოს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ უკრაინა გახდება ნებისმიერი სახის აგრესიის, ნებისმიერი სამხედრო თავდასხმის, ან ნებისმიერი სამხედრო ოპერაციის ობიექტი და სამი დღის განმავლობაში კონსულტაციები არ გამოიწვევს საკითხის დიპლომატიურ გადაწყვეტას, მაშინ გარანტორმა ქვეყნებმა უნდა მოგვაწოდონ სამხედრო დახმარება, იარაღი და მეტიც, ჩვენ შეგვაქვს მუხლი უკრაინის თავზე საჰაერო სივრცის ჩაკეტვის შესახებ. უკრაინაში უსაფრთხოება აღსადგენად ყველაფრის გაკეთება – ეს არის ჩვენი საკვანძო მოთხოვნა. ამის შესრულების შემთხვევაში, უკრაინა ფორმალურად დააფიქსირებს უბლოკო და არაბირთვული სახელმწიფოს სტატუსს მუდმივი ნეიტრალიტეტის ფორმით, რაც ისტორიულად უკვე ასახულია 1990 წლის 16 ივლისს მიღებულ სახელმწიფო დეკლარაციაში”, – აცხადებს ჩალი.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს 24 თებერვლის შემდეგ აწარმოებს.