ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საზმაუს ჟურნალისტები მენეჯმენტს რესპონდენტების და თემების დაბლოკვაში ადანაშაულებენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებმა, იმედა დარსალიამ, სოფო ზედელაშვილმა და თამთა ჯანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მენეჯმენტის მიერ დაბლოკილი რესპონდენტების და თემების სიის ნაწილი გაასაჯაროვეს.

დარსალია, რომლის საავატორო გადაცემაც “ახალი კვირა” საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიმდინარე წლის თებერვალში დახურა, ამბობს, რომ ჟურნალისტებს ეკრძალებოდათ რუსეთის, ბელარუსის და საბჭოთა კავშირის კრიტიკა.

“დაიბლოკა საბჭოთა კავშირის სამხედრო დანაშაულზე მომზადებული სიუჟეტი; არხის მენეჯმენტს არ უნდოდა, რომ ლუკაშენკოს რეჟიმისადმი რეპორტაჟი კრიტიკული ყოფილიყო. ჟურნალისტი გააფრთხილეს, რომ ეკრძალება რუსეთზე ცუდის დაწერა და უთხრეს – “როგორც ამერიკაზე არ უნდა დავწეროთ ცუდი, ისე რუსეთზე, რადგან ჩვენი მაყურებლის გარკვეული ნაწილი პრორუსია”; ჟურნალისტმა ორჯერ ჩაწერა ბათუ ქუთელია რუსულ პროპაგანდაზე და ორივეჯერ შენიშვნა მიიღო”. – აცხადებს დარსალია.

პრესკონფერენციაზე ასევე გასაჯაროვდა რესპოდენტების შავი სია, რომლითაც ერთ კონკრეტულ ჟურნალისტს უნდა ეხელმძღვანელა.

აკრძალული რესპოდენტები და ორგანიზაციები:

  • რონდელის ფონდის თანამშრომლების უმეტესობა
  • ატლანტიკური საბჭოს ქართული წარმომადგენლობა
  • ზურა პატიაშვილი – რონდელის ფონდის მკვლევარი)
  • ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი – დიპლომატი, პოლიტიკოსი
  • თინა ხიდაშელი – თავდაცვის ყოფილი მინისტრი
  • ეკა აკობია – დიპლომატი
  • ლელა ჯეჯელავა – თეოლოგი

ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ მენეჯმენტი ისტორიკოს ლაშა ბაქრაძის ჩაწერასაც კრძალავდა საბჭოთა კავშირის შესახებ სიუჟეტებისთვის.

ჟურნალისტი თამთა ჯანაძე იმასაც ამბობს, რომ მენეჯმენტი შიდაპოლიტიკური ამბების გაშუქების დროსაც უწესებდა ჟურნალისტებს შეზღუდვებს.

“მენეჯმენტი ცდილობდა, ხელისუფლების მიმართ კრიტიკული კომენტარები ან საერთოდ ამოეღოთ, ან შეემოკლებინათ. ამასთან, ძალიან გვიჭირდა მწვავე თემებზე მუშაობა, რადგან გვეუბნებოდნენ, რომ კვირის განმავლობაში ეს ძალიან გადაიღეჭებოდა მოამბეში აღარ იქნებოდა საინტერესო. ვგულისხმობ ლუკა სირაძის, სარალიძის საქმეებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების თემებს და ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციების საკითხების გაშუქებას”, – აცხადებს ჯანაძე.

ჟურნალისტების ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო იცავს. მათ უკვე მიამრთეს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას შესაძლო დისკრიმინაციის დადგენის მიზნით.

იტვირთბა....