“ჩინეთი არასდროს არ დაესხმება თავს უკრაინას, ჩვენ მას დავეხმარებით” – ამის შესახებ, უკრაინული გამოცემა Ukrinform-ის ცნობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ფან სანჟუნმა განაცხადა.
“ჩინეთი და უკრაინა სტრატეგიული პარტნიორები არიან. წელს, ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაწყების 30 წლისთავია. ჩინეთი, მეგობრული სახელმწიფოა უკრაინელი ხალხისთვის. მე, როგორც ელჩს, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ჩინეთი ყოველთვის საიმედო დასაყრდენი იქნება უკრაინისთვის როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური კუთხით. ჩვენ ყოველთვის პატივისცემით მოვეპყრობით თქვენს სახელმწიფოს, გავაღრმავებთ ჩვენს ურთიერთობებს თანასწორობისა და ურთიერთსარგებლის პრინციპებზე დაყრდნობით. ჩვენ პატივს ვცემთ უკრაინელთა არჩეულ გზას, რადგან ეს ყველა ერის სუვერებული უფლებაა. ჩინეთი არასდროს დაესხმება თავს უკრაინას, ჩვენ მას დავეხმარებით, კერძოდ, ეკონომიკური მიმართულებით. ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ განვითარებაში. პასუხისმგებლობით ვიმოქმედებთ იმ სიტუაციაციაში, რომელიც ახლა თქვენთან არის. ჩვენ დავინახეთ, რაოდენ დიდია უკრაინელი ხალხის ერთობა და შესაბამისად, ძალაც”, – განაცხადა ფან სანჟუნმა.
ცნობისთვის, CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთმა ჩინეთს სამხედრო და ფინანსური დახმარება და ასევე, სამხედროებისთვის საკვები სთხოვა და პასუხიც მიიღო, რომ ჩინეთი მზადაა რუსეთს სამხედრო ძალით დაეხმაროს.
ამ ინფორმაციას თეთრი სახლი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აშშ არავის მისცემს საშუალებას, რუსეთს აუნაზღაუროს სამხედრო დანაკარგები.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ ფართომასშთაბიან ომს აწარმოებს.