aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

პუტინი ყველა რეზერვს გამოიყენებს…ზელენსკი ცდილობს არ დაკარგოს მომენტის შეგრძნება – გურული

სირიელი დაქირავებული მებრძოლების უკრაინაში ჩაყვანაზე ფრანკო გამახსენდა და მაროკოელთა რაზმები, რომლებიც ენით აუწერელი სისასტიკით ანადგურებდნენ რესპუბლიკელ ესპანელებს. არ ინდობდნენ არც ქალებს და არც ბავშვებს. პუტინს უკვე ჰყავს თავისი „მაროკოელები“, კადიროველები უკრაინაში, მაგრამ როგორც ჩანს მათი სისასტიკე მისთვის საკმარისი არ არის. გათვლაში ეშლებათ ოღონდ რუსებს. უკრაინელებს მტრის სადისტური ქცევა არ თრგუნავს; პირიქით, შურისძიების ადრენალინით ავსებს.

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჯერჯერობით რუსეთის სპეცსამსახურებს და სამხედრო დაზვერვას ყველა ფსიქოლოგიური მანევრი ჩაუვარდათ უკრაინაში. მიუხედავად ამისა, კოლოსალური დაწოლაა ამჟამად უკრაინელთა ნერვებზე; განსაკუთრებით მათ ხელმძღვანელებზე. საბრძოლო მოქმედებებთან ერთად ურთულესი საერთაშორისო პოლიტიკური გათვლები და თამაშები უწევთ.

ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანი მიხვდება ამ ელემენტარულ ჭეშმარიტებას და არც კი შეეცდება პრეზიდენტ ზელენსკისა და მისი გარემოცვის გაკრიტიკებას. მითუმეტეს, ამას კარგად უნდა ხვდებოდნენ საქართველოში, 2008 წლის სამამულო ომის შემდეგ, მაგრამ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის ნაწილი მასხარად იგდებდა საკუთარ მთავარსარდალს კრიტიკულ სიტუაციაში ჰალსტუხის ნერვულად ღეჭვის გამო, არც უკრაინის პრეზიდენტის შეურაცხყოფაა გასაკვირი. აუცილებლად აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ზელენსკის, რომლის გარშემოც უპირობოდ გაერთიანდა მთელი ერი და რომელსაც მთელი მსოფლიო დღეს ახალი დროების ჩერჩილს უწოდებს, ომამდე დაახლოებით 25% ჰქონდა მხარდაჭერა ამომრჩევლებისაგან და მისი ხელმეორედ არჩევა პრაქტიკულად გამორიცხული იყო.

ეროვნული კრიტიკული მომენტის შეგრძნების ეგზომ მგრძნობიარე ინსტიქტი რომ არ ჰქონოდა უკრაინელ ერს, დღეს უკვე ასრულებული იქნებოდა ამერიკული დაზვერვისა და გენშტაბის წინასწარმეტყველება და კიევი რუსების ხელში იქნებოდა.

უკრაინელები ერთდროულად იბრძვიან რამდენიმე ფრონტზე. მიუხედავად კოლოსალური ფინანსური და სამხედრო დახმარებისა, მათი ამოცანა მაინც ძალიან რთულია. პუტინისათვის ეს ომი უკვე პირადი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი გახდა; ამიტომ ის აბსოლუტურად ყველა რეზერვს გამოიყენებს, რასაც ლოგიკურად უზარმაზარი მსხვერპლი მოჰყვება მშვიდობიან მოსახლეობაში.

რუსეთს არასოდეს მიუღია ასეთი მძლავრი დარტყმა მსოფლიოსაგან. სანქციებს პრაქტიკულად გამანადგურებელი ეფექტი ექნება, რაც აუცილებლად გამოიწვევს ძალიან სერიოზულ მოვლენებს, რომელთა წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია. ღელავენ დასავლელი პოლიტიკოსებიც; ერთი მხრივ ისინი გრძნობენ უკრაინის მხარეზე დგომისა და დახმარების აბსოლუტურ აუცილებლობას და მეორე მხრივ გული ეთანაღრებათ, რადგან ხვდებიან იმ გეოპოლიტიკური რყევების პოტენციურად დამანგრეველ მოქმედებას, რასაც რუსეთის დაქცევა გამოიწვევს.

ეს ავტომატურად იწვევს გარკვეულ ყოყმანს. ამ მომენტს ძალიან კარგად ხვდება პრეზიდენტი ზელენსკი და ცდილობს ერთი წამითაც არ მოადუნოს „დაჭიმული სიმები“, არ დაკარგოს მომენტის შეგრძნება, რამაც შეიძლება ემოციური შოკიდან ამოაგდოს მთელი მსოფლიო და მერე მოვლენები უკვე უკრაინისათვის არასახარბიელოდ განვითარდება.

პუტინის რეპუტაცია ყველა ვარიანტში უპირობოდ განადგურებულია; ის სამუდამოდ გარიცხულია მსოფლიოს პოლიტიკური კლუბიდან და ეს შეუქცევადია. მაგრამ ვინ იქნება მისი მემკვიდრე, რა გზას აირჩევს და რა იქნება რუსეთის მომავალი, ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იმოქმედებს ამერიკა-ევროპა დღეს. ნებისმიერი დათმობა, რაც პუტინს საშუალებას მისცემს, რომ თუნდაც დროებით დააფიქსიროს უკრაინასთან რაიმე სახის გამარჯვება, გაურკვეველი დროით გაახანგრძლივებს რუსეთის დღევანდელი, აგრესიულ-რეგრესული სახით არსებობას.

აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ თავად ამერიკაშიც საკმაოდ ძლიერია პოლიტიკოსთა სპექტრი, რომლებიც რუსეთს ჩინეთის საპირწონედ მიიჩნევენ და თვლიან რომ იქ საჭიროა პუტინის მსგავსი ლიდერი. გავიხსენოთ ავღანეთის მაგალითი, სადაც ამერიკამ ჩათვალა, რომ თალიბები წარმოადგენენ ერთადერთ ლოგიკურ პოლიტიკურ ძალას, რადგან მათ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს. ის ფაქტი, რომ ამ მხარდაჭერის ძირითადი ფაქტორი შიშია, ნაკლებად იყო გათვალსიწინებული.

სწორედ ამიტომ, უკრაინის უპირობო, მძლავრ მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეს მხარდაჭერა საბოლოოდ რუსეთსაც იხსნის და კათარზისის საშუალებას მისცემს. საქართველოსთვის კი უბრალოდ, სასიცოცხლოდ აუცილებელია უკრაინის გამარჯვება. ცხადია, ყველა ჯურის რუსული დივერსიული ქსელი მაქსიმალურად გააქტიურებულია ამჟამად. მათ მოხალისეებიც, ე.წ. „სასარგებლო იდიოტებიც“ ემატებიან და ცდილობენ უკრაინის პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის საწინააღმდეგო პროპაგანდის აგორებას. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ საომარი მოქმედებების დროს ნებისმიერი სახის მერკანტილური მიზნების განხორციელებას ერთი უნივერსალური სახელი აქვს: – მაროდიორობა.

დიახ, საჭიროა ძალიან ფრთხილი პოლიტიკური ლავირება უაღრესად საშიშ სიტუაციაში, მაგრამ ეს უნდა მოხდეს მთელი პოლიტიკური სპექტრის გაერთიანებით მთავარი ეროვნული ინტერესის ირგვლივ. წინააღმდეგ შემთხვევაში მაროდიორის იარლიყი გარდაუვალი იქნება, აქედან გამომდინარე ყველა უარყოფითი შედეგით.

 

აღნიშნულის შესახებ ამერიკაში მცხოვრებმა, ქართველმა ექიმმა, ზურა გურულმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მარიუპოლში, რუსი ოკუპანტების მიერ სამშობიაროსა და ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად, 17 ადამიანი დაშავდა.

გაეროს ცნობით, ომის დაწყებიდან უკრაინაში 516 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 908 კი დაშავდა.

ბოლო ინფორმაციით, უკრაინის არმიამ კიევთან კონტრშეტევისას 5 რუსული ტანკი გაანადგურა.

იტვირთბა....