ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“რუსეთისთვის ყოველი დღე წამგებიანია…უკრაინაში სამხედრო შეტევა გაიჭედა” – ბატიაშვილი

რუსეთისთვის ყოველი დღე წამგებიანია… სამხედრო შეტევა გაიჭედა, –  რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ფართომასშტაბიანი ომის დღევანდელ მოვლენებს, “რონდელის ფონდის” მკვლევარი და ანალიტიკოსი, ზურა ბატიაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას ასე აფასებს.

მისივე თქმით, წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება რუსებმა ამ სიტუაციიდან გამოსავალი იპოვონ… ეკონომიკაც მალე თავზე დაენგრევათ და მთელი მსოფლიო ამაში ერთიანია.

რუსული სამხედრო შეტევა უკრაინაში გაიჭედა და არანაირ შედეგს აღარ იძლევა . მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად ცდილობენ უპირატესობის მოპოვებას, ამას ვერ ახერხებენ. ოკუპანტებმა ვერ შეძლეს ვერცერთი დიდი უკრაინული ქალაქის დაკავება. ახლა ეძებენ სიტუაციიდან გამოსვლის გზებს, თან ისე რომ სახე შეინარჩუნონ. ეს ძალიან რთულია, რადგან რუსეთს საკუთარი იმპერიალისტური გეგმების დათმობაც არ სურს.

წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება რუსებმა ამ სიტუაციიდან გამოსავალი იპოვონ. ეკონომიკაც მალე თავზე დაენგრევათ და მთელი მსოფლიო ამაში ერთიანია. მთელი მსოფლიო შეუწყვეტს რუსეთს ეკონომიკურ კავშირებს, რათა მათ ვეღარ შეძლონ გამოკვებონ და ასაზრდოონ თავიანთი დანაშაულებრივი სამხედრო მანქანა. რაც დროს გადის რუსეთი უფრო და უფრო მეტად ეფლობა ჭაობში.

რაც შეეხება ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში არსებულ ვითარებას, ეს ყველასთვის საკმაოდ სახიფათოა. მძიმე სიტუაციაა, არა მხოლოდ მანდ, არამედ სხვაგანაც, სადაც რუსეთი ძირითადად ცდილობს ხელში ჩაიგდოს ატომური სადგურები. მაგალითად ზაპოროჟიე.

პუტინისგან არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ დასავლეთი ფრთხილად მოქმედებს და პირდაპირ არ ერთვება ომში, რომ არ მისცეს მას ბირთვული ომის დაწყების საშუალება.

სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ კონფლიქტი ადვილად არ დასრულდება, სანამ არ მოხდება რუსეთის არმიის მთლიანად განადგურება...არამგონია ისინი გონს მოეგონ. იდეალური ვარიანტი იქნება, რომ რუსებმა დაიწყონ საკუთარი სამხედროების უკრაინის ტერიტორიებიდან გაყვანა, მაგრამ ვხედავთ, რომ ისინი ამას არ აპირებენ.

რაც შეეხება უკრაინის მხრიდან კომპრომისს, გააჩნია რა სახის იქნება. ტერიტორიების დათმობას არავინ არ აპირებს, ზელენსკი ამაზე რატომ უნდა წავიდეს…უკრაინა თვითონ გადაწყვეტს საკუთარი ტერიტორიების საკითხს. საკუთარ თავისუფლებაზე კომპრომისს არავინ გააკეთებს.

უკრაინის საჰაერო სივრცე არ იხურება და “ნატოს” თვითმფრინავები არ მიდიან, იმიტომ რომ პუტინს არ მისცენ საბაბი გამოიყენოს ატომური იარაღი. დღეს თუ არის მსხვერპლი ათეულობით შემდეგ იქნება მილიონობით. სწორედ ამის გამო, ჯერჯერობით საჰაერო თავდაცვაზე მუშაობენ.

უკრაინაში ომის გაყინვა ისევ რუსეთს დააზარალებს, რადგან ეს გაყინვა არ ნიშნავს, რომ მის მიმართ დაწესებული სანქციები გაუქმდება. ყოველი დღე რუსეთისთვის წამგებიანია, ყოველი დღე რუსეთისთვის უკან სვლაა. დრო რუსეთზე არ მუშაობს”, – აცხადებს ბატიაშვილი “მეტრონომთან”.

უკრაინული მედიის ცნობით, თურქეთში დმიტრო კულებასა და სერგეი ლავროვს შორის მოლაპარაკებები დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მარიუპოლში, რუსი ოკუპანტების მიერ სამშობიაროსა და ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად, 17 ადამიანი დაშავდა.

გაეროს ცნობით, ომის დაწყებიდან უკრაინაში 516 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 908 კი დაშავდა.

იტვირთბა....