შსს-ს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებული რეგულაციები, გახმაურებული მარჯვენასაჭიანი ავტომობილების გარდა, ქვეითებს და მართვის მოწმობის ჩამორთმევასაც შეეხება. კანონპროექტი პარლამენტში განიხილება, ჯერ დამტკიცებული არ არის. საზოგადოებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მართვის მოწმობა ჩამორთმეულ მძღოლებს მისი დაბრუნება 700 ლარიანი ჯარიმის გადახდით შეეძლებათ ახალი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში. თემასთან დაკავშირებით “მეტრონომთან” შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორმა ზვიად ოქროპირიძემ ისაუბრა.
“მეტრონომი”: მართვის მოწმობასთან დაკავშირებულ კანონპროექტში, რომელსაც პარლამენტი განიხილავს, არის თუ არა პუნქტი, რომ მართვის მოწმობის ჩამორთმევის შემთხვევაში მძღოლს 700–ლარიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ, ნებისმიერ შემთხვევაში, შეუძლია მოწმობის დაბრუნება?
ზვიად ოქროპირიძე: მართვის მოწმობასთან დაკავშირებულ კანონპროექტში, რომელიც განიხილება, არის პუნქტი, რომ მართვის მოწმობის ჩამორთმევის შემთხვევაში, მხოლოდ ნახევარი ვადის გასვლის შემდეგ (და არა მეორე დღესვე) ექნება მძღოლს შესაძლებლობა შეწყალების დაწერაზე და 700 ლარიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ შეძლებს დაიბრუნოს მართვის მოწმობა. აღნიშნული საკითხი, როგორც მოქმედი, ასევე ახალი კანონპროექტის მიხედვით, არის ინდივიდუალური განხილვის საგანი, რა დროსაც მხედველობაში მიიღება მძღოლის ჯარიმების და დარღვევების ისტორია.
– კანონის ამოქმედების შემთხვევაში, იგი იმოქმედებს თუ არა იმ მძღოლებზე, რომლებსაც კანონის მიღებამდე ჩამოერთვათ მართვის მოწმობა?
– კანონს უკუქცევის ძალა არა აქვს და ამოქმედების შემთხვევაში, იმოქმედებს იმ მძღოლებზეც, რომლებსაც კანონის მიღებამდე ჩამოერთვათ მართვის მოწმობა.