ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

British Petroleum რუსეთს კონტრაქტებს აღარ გაუფორმებს

ბრიტანული ტრანსნაციონალური კომპანია British Petroleum რუსეთს ახალ კონტრაქტებს აღარ გაუფორმებს, შესაბამისად, აღარ შეისყიდის რუსულ გაზზა და ნავთობს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg “ბრითიშ პეტროლიუმის” წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

“ბლუმბერგის” ცნობით, კომპანია რუსეთთან თანამშრომლობას მყისიერად არ გაწყვეტს, რის მიზეზადაც, უკვე გაფორმებულ გრძელვადიან კონტრაქტებსა და საჭირო ნედლეულის მიღების ალტერნატული გზების მოძიებასთან დაკავშირებულ სირთულეებს ასახელებს.

“როგორც კომპანიის წარმომადგენელი გვეუბნება, ისინი გააგრძელებენ არსებული კონტრაქტებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ”, – წერს Bloomberg.

დღეს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსული ნედლეულის შესყიდვას ნავთობისა და გაზის მწარმოებელი ბრიტანული გიგანტი Shell-იც წყვეტს.

მანამდე, ცნობილი გახდა, რომ ზემოთხსენებული ბრიტანული კომპანიების გარდა, რუსული ნედლეულის შესყიდვაზე უარი ასევე თქვა ავსტრალიის ორმა უმსხვილესმა ნავთობკომპანიამ, Ampol-მა და Viva Energy-მ.

ამას გარდა, ცნობილი გახდა, რომ ევროკომისია დღეს რუსული გაზის ეტაპობრივი გაუქმების შესახებ გეგმას წარადგენს.

შეგახსენებთ, რუსეთი 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს, რის გამოც, დასავლური ქვეყნები, საერთაშორისო ორგანიზაციები და კერძო კომპანიები რუსეთს სანქციებს უწესებენ.

იტვირთბა....