ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება უკრაინის ომი

ნიურნბერგის პროცესის პროკურორი: მინდა, პუტინი გისოსებს მიღმა ვიხილო – ეს რეალისტურია

ნიურნბერგის პროცესის პროკურორი, ბენჟამინ ფერენცი შესაძლებლად მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებისთვის გასამართლდეს. როგორც მართლმსაჯულების ვეტერანი წარმომადგენელი, 101 წლის პროკურორი ბრიტანულ გამოცემასთან The Mirror ინტერვიუში აღნიშნავს, პუტინის ბრძანებით, უკრაინაში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი დანაშაულები ამის თქმის საფუძველს აძლევს.

“დანაშაულები, რომლებსაც ახლა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სჩადის, საზოგადოების სირცხვილია. დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ იმ აგრესიაზე, დანაშაულებზე და მკვლელობებზე, რომლებსაც კაცობრიობის წინაშე ახორციელებენ. [პუტინის დაპატიმრება] ძალიან რეალისტურია. მხოლოდ ის არის საჭირო, რომ ამის გაკეთება მოინდომონ, ისინი მთვარეზე ხომ არ ცხოვრობენ. მინდა, პუტინი გისოსებს მიღმა ვნახო, ეს შესაძლებელია”, – ამბობს ფერენცი.

ბენჟამინ ფერენცი ნიურნბერგის პროცესის ერთადერთი პროკურორია, რომელიც დღეს ცოცხალია. ის ჰიტლერის დროინდელი გერმანიის მაღალი თანამდებობის პირების სასამართლო პროცესებს უძღვებოდა მას შემდეგ, რაც 1944 წელს ნაცისტების მხრიდან ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად განყოფილების შექმნა დაავალეს.

შეგახსენებთ, ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რუსეთის სამხედრო დანაშაულებზე გამოძიება დაწყებული აქვს. მას შესაბამისი თხოვნით უკრაინულმა მხარემ მას შემდეგ  მიმართა, რაც რუსეთმა ქვეყანაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო; შემდეგ კი, ჰააგის სასამართლოში ისტორიაში ყველაზე მასშტაბური კოლექტიური სარჩელით 38-მა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომ მოითხოვა რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი ომის დანაშაულებების გამოძიება.

იტვირთბა....