საქართველომ, მსოფლიოს 37 ქვეყანასთან ერთად, ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი ომის დანაშაულებების გამოძიების მოთხოვნით მიმართა.
38 ქვეყნის მიერ ჰააგის სასამართლოსთვის მიმართვასთან დაკავშირებით განცხადება გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ტვიტერზე გაავრცელა.
“დღეს, მსოფლიოს 38-მა ქვეყანამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ისტორიაში ყველაზე მასშტაბური კოლექტიური მიმართვა განახორციელა უკრაინაში რუსეთის ბარბაროსული შეჭრის თაობაზე. ცხადია, რომ პუტინი ამ შემზარავ ქმედებებს ისე ვერ განახორციელებს, რომ დაუსჯელი დარჩეს”, – წერს ჯონსონი.
ჰააგის სასამართლომ უნდა გამოიძიოს რუსეთის მიერ უკრაინაში აკრძალული იარაღის გამოყენების და ასევე, მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებული ქალაქების დამობმვის ფაქტები.
სიაში საქართველოს ყოფნის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გვერდზე ქვეყნების ჩამონათვალი გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, რუსეთი 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.