დღეს, თბილისის პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია სახელწოდებით „მარჯვნივ საჭე ჩემი უფლებაა“ გაიმართა. შსს-ს მიერ წარდგენილი საგზაო უსაფრთხოების კანონპროექტის პირველი განხილვა დღეს მოეწყო. კანონპროექტის გამოჩენიდან დღემდე, მის გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება.
ახალი რეგულაციების გარდა, პროექტი მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვას და შესაბამისად მათი იმპორტის შეზღუდვასაც ითვალისწინებს. სწორედ ამ თემამ მოსახლეობაში დიდი აჟიოტაჟი და საპროტესტო აქციები გამოიწვია.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ 21 იანვარს კანონპროექტის განხილვა გაიმართებოდა, მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მფლობელებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ავტოკლუბებმა მორიგი აქცია სწორედ განხილვის პარალელურად დაგეგმეს, რომელიც დღეს განახორციელეს.
აქციის ორგანიზატორებმა აღნიშნული აქცია სოციალური ქსელის მეშვეობით დაგეგმეს.
„მარჯვნივ საჭე ჩემი უფლებაა! საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა დაჩქარებული წესით განიხილოს მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვის კანონპროექტი, რომლის განხილვის თარიღიც დასახელდა და გაიმართება 21 იანვარს. ჩვენ გადავწყვიტეთ კიდევ ერთხელ გავაპროტესტოთ ეს კანონპროექტი, რომელიც გვიზღუდავს არჩევანისა და საკუთრების უფლებას. მოგიწოდებთ ყველას, დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში და დავიცვათ ჩვენი უფლება – გვყავდეს მარჯვენასაჭიანი ავტომობილები“- ნათქვამია მიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელში აქციის ორგანიზატორებმა გაავრცელეს.
აქციაზე მისულებს ტრაფარეტები წარწერით, „არა აკრძალვას“, „არ დავუჭიროთ მხარი კაბალურ კანონპროექტს“, „თავისუფალი არჩევანი“, ეჭირათ ხელში.
როგორც „მეტრონომს“ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და საორგანიზაციო ჯგუფის წევრმა გურამ ზურაბაშვილმა განუცხადა, კანონპროექტი დაუყოვნებლივ უკან უნდა გაითხოვონ, რადგან ის დასამუშავებელია.
„ჩვენი პირველი მოთხვნა ის არის, რომ კანონპროექტი დაუყოვნებლივ უკან გაითხოვონ, იმიტომ, რომ დასამუშავებელია. პირველ რიგში ამოსაღებია ის პუნქტი, სადაც საუბარია, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების განბაჟების გაუქმებაზე და ამის შემდეგ გადასახედია განბაჟების ახალი სისტემა, ახალი ტარიფები, იმიტომ, რომ საშუალო ფენისთვის ეს მიუწვდომელია. ჩვენ როდესაც ამ კანონპროექტს მიიღებენ, ფართომასშტაბიანი აქციების გამართვას დავიწყებთ. არ ვაპირებთ გაჩერებას“ – აღნიშნა გურამ ზურაბაშვილმა.
კიდევ ერთმა ორგანიზატორმა, „ეკო ტრანსპორტის ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვასო ურუშაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლების არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ ამ კანონპროექტის მიღებით საცობები, მოძრაობის უსაფრთხოება და ეკოლოგიური პრობლემა მოგვარდება, აბსურდია.
„არანარი კავშირში არ არის საჭის მდებარეობა საცობებთან, არც მოძრაობის უსაფრთხოებასთან და არც ეკოლოგიურ მდგომარეობასთან. შესაბამისად, ამ კანონპროექტის უკან არის გარკვეული პირების ბიზნეს ინტერესები. მათ უნდათ, რომ ამ ბიზნესზე ორიენტირებული გახადონ მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც მომგებიანები არიან, ანუ მსხვილი კომპანიები. მათ ასევე უნდათ, რომ ის მცირე ბიზნესის წარმოამდგენლები, ე.წ. დილერები, ბაზრიდან გააგდონ. მხოლოდ და მხოლოდ ეს საფუძველი უდევს ამ კანონპროექტს“ – აღნიშნა ვასო ურუშაძემ.
„საზოგადოებრივი ინიციატივის“ წევრის ლაშა ფრულავას თქმით, აქციის მონაწილეების შეკითხვა შემდეგია: ქვეყანაში, სადაც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა და რეგისტრაცია რეგულირდება, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია რატომ უნდა აიკრძალოს.
„ეს არის ჩვენი ლეგიტიმური შეკითხვა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს საკუთრების უფლების შეზღუდვაა. ჩვენი მოთხოვნაა, რომ დაწესდეს რეგულაცია, მაგრამ მიუღებელია აკრძალვა. ასევე მნიშვნელოვანია და კერძო სექტორს ყველაზე მეტად აზიანებს საგადასახადო რეფორმა, რომელიც გულისხმობს 7-დან 10 წლამდე ავტომობილების გადასახადების გაზრდას. ეს დააზარალებს ნებისმიერ ადამიანს, საშუალო ფენის ადამიანს აღარ მიეცემა საშუალება შეიძინოს ავტომობილი და ფაქტობრივად, ავტომობილი ფუფუნების საგანი გახდება“ – აღნიშნა ფარულავამ.
მისივე თქმით, მათ უნდათ, რომ პარლამენტს თავიანთი არგუმენტები შესთავაზონ, რათა ეს ირაციონალური კანონპროექტი ძალაში არ შევიდეს. ფარულავა ჩვენთან საუბრისას ასევე ამბობს, რომ თუ პარლამენტმა აღნიშნული ინიციატივა დააკანონა, ისინი არ გაჩერდებიან და სამართლებრივი გზით იბრძოლებენ.
„მსგავსი შემთხვევები ევროპაში ყოფილა და ევროპის სასამართლომ ამაზე ძალიან ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო. აქედან გამომდინარე, ეს საქმე გვაძლევს საშუალებას, რომ ვიბრძოლოთ სამართლებრივი გზითაც და ასევე, ვიბრძოლოთ კონკრეტული ბიზნესის გადასარჩენად“- გვითხრა ლაშა ფარულავამ.
აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელიაც იმყოფებოდა, რომელმაც „მეტრონომს“ განუცხადა, რომ კანონპროექტის მიღება უმუშევრობის დონის კიდევ უფრო გაზრდას გამოიწვევს და ამ ბიზნესით დაკავებული ხალხი შემოსავალს დაკარგავს.
„მთავრობა ამბობს, რომ თუ ამ კანონს მივიღებთ, აღარ იქნება თბილისში საცობებიო. თუ ამ მთავრობას საცობები აწუხებს, ის პროექტები უნდა დაესრულებინა, როგორებიც არის მაგალითად, შემოვლითი რკინიგზა, ვეფხვი და მოყმის ძეგლთან ხიდი, რომელიც შეაჩერეს, მიწისზედა და მიწისქვეშა პარკინგები, წელიწადობით დაკეტილი ხიდები. კვირიკაშვილი გამოდის და ამბობს, რომ მანქანებს თუ ავრკძალავ, ამ შემთხვევაში საცობები არ გვექნებაო. რა თმა უნდა, ეს არასერიოზული ტყუილია. პირიქით, ეს გამოიწვევს უმუშევრობის დონის კიდევ უფრო გაზრდას და ამ ბიზნესით დაკავებული ხალხი შემოსავალს დაკარგავს. ამიტომ გონს უნდა მოეგოს ეს ხელისუფლება და რეალურად ხელი უნდა შეუწყოს ბიზნესის განვითარებას, ათასობით ოჯახი სამსახურისს გარეშე დარჩება. კვირიკაშვილი ამაზე უნდა დაფიქრდეს. თავის თავს მაინც უნდა სცეს პატივი და თავის პოსტზე დანიშვნა არ უნდა დაიწყოს ამ მართლაც კაბალური კანონის მიღებით“ – განაცხადა მელიამ.
აქციის მიმდინარეობისას, ინციდენტი მოხდა – პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურმა აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ხელი გაარტყა. აღნიშნული ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრი „მეტრონომმა“ დააფიქსირა, რომელიც შეგიძლიათ ჩვენს საიტზე იხილოთ. ასევე, თვითმხილველის კომენტარი, რომელიც ამ ფაქტს უშუალოდ შეესწრო და დაზარალებული პირის, არტურ არუთინოვის განცხადება მომხდართან დაკავშირებით.
ნინო ცხადაია