ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძე: რუსეთის მოქალაქეებს დისკრიმინაციულ დათქმებს უწესებენ

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში დაიწყო კამპანია, რომელიც რუსეთის მოქალაქეების დისკრიმინაციას ისახავს მიზნად. ამის შესახებ კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და ეს შეაფასა, როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მცდელობა, საქართველო ჩათრეულ იქნას სამხედრო კონფლიქტში”.

“აშკარაა, რომ დისკრიმინაციული კამპანია რუსი ეროვნების მოქალაქეების წინააღმდეგ, “ომის პარტიის”, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ განიხილება როგორც ბოლო შანსი, საქართველო ჩათრეულ იქნას სამხედრო კონფლიქტში, რასაც საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს. საქართველო ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისთვის განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა და პასუხისმგებელია მათ მიმართ არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფასა და მათი უსაფრთხოების დაცვაზე. საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებეს ამ პასუხისმგებლობის შესაბამისად. “, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, იქმნება საფრთხე, რომ “საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების მიმართ დისკრიმინაციის შემთხვევებმა მასშტაბური სახე მიიღოს” და მათ მიმართ ფიზიკურ ანგარიშწორებაშიც გადაიზარდოს. მან სამართალდამცავ უწყებებს მსგავს შემთხვევებზე მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდა.

“ეთნიკური ნიშნით ადამიანების დისკრიმინაცია არის გაუგონარი მოვლენა ცივილიზებული სამყაროსთვის. ამგვარი მიდგომით, ჩვენ ვერ გავხდებით ევროკავშირის წევრი. გარდა ამისა, ეს არ არის ქართული კულტურის ნაწილი. შესაბამისად, ძალზე ლოგიკურია, რომ დისკრიმინაციული კამპანიის ავტორები სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებიც გამსჭვალული არიან საერთო ზიზღით ქართული კულტურისა და ზოგადად, ქართველობის მიმართ და მათი კამპანიის უკან კონკრეტული ანტისახელმწიფოებრივი მიზნები დგას. უკვე ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც კერძო კომპანიები რუსი ეროვნების მოქალაქეებს მომსახურებაზე უარს ეუბნებიან ან მომსახურების მისაღებად დისკრიმინაციულ დათქმებს უწესებენ… გვინდა შეგახსენოთ, რომ რუსეთში ცხოვრობს 800 ათასამდე ქართველი, ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს ათიათასობით ქართველი, რომელთა დიდი ნაწილიც საქართველოს მოქალაქეა. ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ საქართველოში მყოფი რუსი ეროვნების მოქალაქეების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა ასიათასობით ქართველს უქმნის უშუალო საფრთხეს”, – ამბობს კობახიძე.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთისთვის დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული მკაცრი სანქციების შემდეგ, ტელეგრამზე არაერთი რუსი გამოთქვამს საქართველოში დასახლების სურვილს. ამასთან დაკავშირებით, საქართველოში პეტიციაც გავრცელდა რუსეთის მოქალაქეებისთვის სპეციალური სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნით.

 

 

იტვირთბა....