ვებ-გვერდზე manifest.ge პეტიცია გავრცელდა, რომლის მოთხოვნაც რუსეთთან სპეციალური სავიზო რეჟიმის დაწესებაა.
როგორც პეტიციის ავტორი, მიხეილ ქუმსიშვილი აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც უკრაინაში დაწყებული სამხედრო აგრესიის გამო რუსეთს სანქციები დაუწესდა, ტელეგრამის ჯგუფებში ბევრი რუსი განიხილავს საცხოვრებლად საქართველოში ჩამოსვლას და მოსალოდნელია, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის გახსნილი საზღვრის პირობებში, ჩვენს ქვეყანაში ათი ათასობით რუსი ოჯახი დასახლდება.
“ჩვენ არაერთხელ გვინახავს პუტინის მხრიდან სხვა სახელმწიფოების სუვერენიტეტის უხეში დარღვევა იმ მოტივით, რომ მის “სამშვიდობო” ჯარებს უნდა დაეცვათ საკუთარი მოქალაქეები, რომლებიც უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე “იჩაგრებოდნენ”. თუნდაც მხოლოდ ამ პრაქტიკის გამო, დიდი სიფრთხილეა საჭირო რუსების მასობრივ მიგრაციასთან დაკავშირებით. ამიტომ, საქართველოში შემოსასვლელად ვითხოვთ რუსეთის მოქალაქეებს დაუწესდეთ სპეციალური (დროებითი) სავიზო რეჟიმი – ვიზა მიეცეთ რუსეთის მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გამო იდევნებიან პუტინის დიქტატორული რეჟიმის მიერ და რომელთა სიცოცხლე/ჯანმრთელობა რისკის ქვეშ იმყოფება მათი რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნით”, – წერია პეტიციაში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ ყველა მათგანმა ხელმოწერით უნდა დაადასტუროს, რომ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს და გმობს ვლადიმერ პუტინის სამხედრო მოქმედებებს.
“ასეთი სპეციალური სავიზო რეჟიმი უნდა იქნეს შენარჩუნებული მინიმუმ საომარი ვითარების დასრულებამდე და მსოფლიო წესრიგის აღდგენამდე”, – აღნიშნულია დოკუმენტში.
იმისთვის, რომ პეტიცია განსახილველად საქართველოს მთავრობას გადაეგზავნოს, საჭიროა 5000 ხმა.
შეგახსენებთ, რუსეთი 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს.