ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

GDI: “ალტ-ინფო” რუსეთის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებს ამართლებს

არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” (GDI) თავმჯდომარემ, ედუარდ მარიკაშვილმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ტელეკომპანია „ალტ-ინფოს“ სამართალდამარღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით მიმართა.

ორგანიზაციის განცხადებით, ტელეკომპანია „ალტ-ინფოს“ მიერ გაკეთებული განცხადებები ემსახურება რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევის ფაქტების გამართლებას და კრიმინალის გაიდეალებას, რაც აკრძალულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით.

“2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრისა და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის შემდეგ, „ალტ-ინფო“ არაერთ გადაცემაში ცდილობს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების უკრაინის შეცდომების შედეგად წარმოჩენას, რაც მის მიერ არჩეულმა პროდასავლურმა გეზმა გამოიწვია. მსგავსი განცხადებებით, “ალტ-ინფო“ ამართლებს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის რესპუბლიკაში ომის, ლეტალური ძალის არადისკრიმინაციულად გამოყენებისა და ამდენად, ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის ფაქტებს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ “ალტ-ინფოს” მაუწყებლობის მთელი ნარატივი არის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამართლება უკრაინის მიერ არჩეული ევრო-ატლანტიკური კურსის არგუმენტებით. ასევე, სახეზეა ამ კონფლიქტის მთავარი შემოქმედის, ვლადიმერ პუტინისა და მისი ქმედებების გაიდიალება, რითაც ტელეკომპანია ცდილობს რუსეთის აგრესიული სამხედრო ინტერვენციის გამართლებას, ომის დანაშაულებისთვის მორალური საფუძვლის წარმოჩენასა და მის დასაბუთებას”, – წერს GDI და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მოუწოდებს, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე,  საქმე დაჩქარებულად, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში განიხილოს.

იტვირთბა....