უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი ბელარუსის დედაქალაქ მინსკში იმყოფება, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. როგორც Ukrayinska Pravda დაზვერვის სამსახურიდან მიღებულ ცნობებზე დაყრდნობით წერს, კრემლი მას სპეცოპერაციისთვის ამზადებს.
ერთ-ერთი სცენარით, რუსეთი შეეცდება, იანუკოვიჩი “უკრაინის პრეზიდენტად” გამოაცხადოს.
“მიღებული ინფორმაცია იმაზე მიუთითებს, რომ შესაძლოა, კრემლი რაიმე სახის ინფორმაციულ ოპერაციას გეგმავდეს, ან მისი სახელით, უახლოეს მომავალში უკრაინელი ხალხისადმი მიმართვის გავრცელებას, ანაც, ექს-პრეზიდენტ იანუკოვიჩის უკრაინაში დაბრუნებას”, – წერენ გამოცემები.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც იანუკოვიჩმა მოსკოვთან ურთიერთობების გაღრმავება დაიწყო, კიევში, ევრომაიდანზე პროდასავლური დემონსტრანტების საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, რის შედეგადაც, 2014 წელს ის იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა და რუსეთში გაქცეულიყო.
2019 წელს კიევის სასამართლომ ვიქტორ იანუკოვიჩს ღალატისთვის 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.