პარტია “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია პრმიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებებს გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ “სანქციები არაეფექტურია, კიევში კი დაბომბვის შემჩერებელი არავინაა”. როგორც ხოშტარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ეს რუსული ნარატივია, რომელსაც ხალხმა საკადრისი პასუხი უნდა გასცეს.
“მაშინ, როდესაც უკრაინელი გმირები საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ სახელმწიფოს და ებრძვიან რუსულ იმპერიას; მაშინ, როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო გაერთიანებულია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და მაშინ, როდესაც თავისუფლების იდეა დღეს ამარცხებს კრემლის ბოროტების იდეას და ეს მთელი ბრძოლა გადის ერთიანობის და ეროვნული თანხმობის ხაზზე, ჩვენ მოვისმინეთ ჩვენი სახელმწიფოსთვის და ჩვენთვის სრულიად შეურაცხმყოფელი, სამარცხვინო ადამიანის განცხადება, რომელსაც დღეს ეწოდება პრემიერ-მინისტრი. ჩვენ მოვისმინეთ რუსული განცხადება, სადაც პრემიერ-მინისტრი იტყუება, რომ რუსეთს ვერაფერი ვერ გააჩერებს. მთელი მსოფლიო არის აღფრთოვანებული უკრაინის პრინციპული მებრძოლი შემართებით, რომელმაც უკვე დაამარცხა რუსული იმპერია, იმიტომ, რომ ვერ შეძლო უკრაინის აღება. ერთადერთს, რასაც ჩვენ ვისმენთ ირაკლი ღარიბაშვილისგან, ეს არის ღვაძლი, ზიზღი, დანაწევრება და რუსული ტყუილები. ის, რომ სანქციები არის არაეფექტური, ეს არის რუსული; ის, რომ საქართველომ დაიწყო ომი, არის რუსული ტყუილი; ის, რომ უკრაინა ვერ მოიგებს, არის რუსული ტყუილი. როდესაც ჩვენ, ვართ უკრაინის გვერდზე, ირაკლი ღარიბაშვილი არცხვენს ჩვენს ქვეყანას. მე დარწმუნებული ვარ, რომ მას უნდა გავცეთ საკადრისი პასუხი და დღეს, 19:00 საათზე, პარლამენტის წინ ვთქვათ, რომ ის არ უნდა იყოს საქართელოს პრემიერ-მინისტრი”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.