ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

რუსმა ოკუპანტებმა კიევში შემოჭრა ვერ შეძლეს – უკრაინის შეიარაღებული ძალები

28 თებერვლის ღამეს, ომის მე-5 დღეს, რუსეთის ჯარებმა განაგრძეს კიევის თავდაცვის გარღვევის მცდელობები, მაგრამ ყველა გეგმა ჩაეშალათ – დედაქალაქში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსეთის საოკუპაციო ძალების მიზნის მიღწევის ყველა მცდელობა ჩაიშალა. განადგურდა დამპყრობლის ტექნიკის კოლონები. მტერმა მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა, რუსული ჯარები დემორალიზებულები და დაქანცულები არიან“, – აცხადებს კიევის თავდაცვის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე სირსკი.

მან ასევე თქვა, რომ რუსული ჯარების კოლონებმა არაერთხელ სცადეს დედაქალაქის გარეუბანში შეჭრა, მაგრამ მტრის ძალების ყველა მოძრაობა კონტროლქვეშ იყო და დროული გადაწყვეტილებები მიიღეს.

“28 თებერვალს დილიდან ვითარება ჩვენი სამშობლოს დედაქალაქში კონტროლს ექვემდებარება”, – აცხადებს სირსკი.

გენერლის თქმით, უკრაინელებმა აჩვენეს, რომ მათ იციან როგორ დაიცვან თავიანთი სახლი დაუპატიჟებელი სტუმრებისგან“.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, ბორის ჯონსონთან საუბრისას განაცხადა, რომ ბოლო 24 საათი უკრაინისთვის გადამწყვეტი იქნება.

იტვირთბა....