ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა

რა მოხდა ვენაში “გაზპრომსა” და კალაძეს შორის?

 

“ვენაში ჩატარდა მორიგი სამუშაო შეხვედრა ,,გაზპრომის” წარმომადგენლებსა და ქართულ მხარეს შორის. მოლაპარაკების საგანი არ შეცვლილა და გრძელდება სამუშაო პროცესი მხარეებისათვის მისაღები პირობების შეთანხმების მიზნით”. – ცოტა ხნის წინ ასეთი განცხადება გაავრცელა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ.

დღეს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ვენაში რუსული კომპანია „გაზპრომის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

თუკი სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მივყვებით, გამოდის, რომ არაფერი შეცვლილა და რუსული მხარე აგრძელებს ულტიმატუმის ენაზე საუბარს.

შეგახსენებთ, „გაზპრომთან„ მიმდინარე მოლაპარაკებებზე ენერგეტიკის მინისტრმა რამდენიმეთვიანი დუმილი დაარღვია და მიმდინარე მოლაპარაკებებზე არსებულ კითხვებს გუშინ, პასუხები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში  გასცა.

კალაძემ 2006 წელი გაიხსენა და “სიცრუე” უწოდა იმ განცხადებებს, რომ რუსული გაზსადენის აფეთქების შემდეგ საქართველომ ენერგოდამოუკიდებლობაზე გადავიდა და რუსული გაზი აზერბაიჯანული გაზით ჩაანაცვლა.

კალაძის განცხადებით, 2007 წელსაც საქართველო 99%-ით იყო დამოკიდებული რუსულ გაზზე და 2008 წელს, ომის პერიოდში რუსული გაზის წილი საქართველოს ბაზარზე 50%-ს შეადგენდა.

რას შეეხება ბოლო მოლაპარაკებებს, კალაძემ დაწვრილებით ისაუბრა მიმდინარე პროცესზე და თქვა, რომ რუსეთისგან საქართველოს ხელისუფლებამ ულტიმატუმი მიიღო, რაც საქართველოს სატრანზიტო დერეფნის გამოყენების გაუქმებასა და სომხეთისთვის ირანული გაზით უზრუნველყოფას ეხებოდა. ენერგეტიკის მინისტრის თქმით ეს საფრთხე რეალურია და ხელისუფლება ცდილობს, არსებულ სატრანზიტო დერეფნის ფუნქცია შეინარჩუნოს.

„დღეს “გაზპრომს” შეუძლია 1 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის აირი მიაწოდოს სომხეთს ირანიდან, თუმცა გარკვეული ინვესტიციის განხორციელების შემდეგ, მას აქვთ შესაძლებლობა სომხეთის ბაზარი სრულიად დააკმაყოფილოს. ეს საშიშროება და საფრთხე, რა თქმა უნდა, არსებობს და ჩვენთვის ენერგეტიკულად მისი შედეგი ძალიან მძიმე იქნება” – განაცხადა კალაძემ.

 

იტვირთბა....