ინტერნეტ გაზეთმა „მეტრონომმა“ გადაწყვიტა დაედგინა საქართველოს მთავრობის მიერ რუსული სახელმწიფო ენერგოკომპანია „გაზპრომზე“ დამოკიდებულების გაზრდის ინიციატივა საზოგადოებისთვის რამდენად მისაღები იყო. სწორედ ამ მიზნით საზოგადოებაში გამოკითხვა ჩავატარეთ.
როგორც გამოკითხვამ აჩვენა, 100 გამოკითხულიდან უმრავლესობა „გაზპრომზე“ დამოკიდებულების გაზრდას და საქართველოს მიერ რუსული გაზის ყიდვას ეთანხმება. ნაწილი ამ თანხმობას იმით ხსნის, რომ საქართველოს სხვა გზა არ აქვს. ზოგი კი თვლის, რომ „გაზპრომი“ მიუხედავად რუსეთის ოკუპანტობისა, ჩვენთვის მისაღებია. ისინი თვლიან, რომ რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ ეს გაზის მოწოდებასთან კავშირში არაა.
გამოკითხულთა ნაწილი კი თვლის, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავხდეთ „გაზპრომზე“ დამოკიდებული, რადგან რუსეთი სწორედაც ოკუპანტია და ამ ყველაფერს იარაღად იყენებს.
როგორც გამოკითხვებით დადგინდა, მოქალაქეების მცირე ნაწილი საერთოდ არ ფლობს ინფორმაციას „გაზპრომთან“ და ზოგადად, გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით. ისინი ამბობენ, რომ ამ საკითხში ვერ ერკვევიან.
ზოგიც გაურკვევლობის მიუხედავად, ფიქრობს, რომ „გაზპრომი“ რუსული კომპანიაა და სწორედ ამიტომ, აგრესორისგან თავი შორს უნდა დავიჭიროთ.