“ნაციონალური მოძრაობის” ბათუმის ორგანიზაცია ადგილობრივ ხელისუფლებას იშვიათი ჯიშის ასწლოვანი ხეების ტერიტორიიდან გატანაში ადანაშაულებს. ოპოზიცია აცხადებს, რომ ციხისძირიდან 40 ძირი ასწლოვანი ხის გატანა იგეგმება. მათი ინფორმაციით, იშვიათი ჯიშის ტიტას ხეები აჭარის ტერიტორიიდან ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დავალებით გააქვთ.
მათი ინფორმაციით, 40-მდე გიგანტური ხე უნდა ამოითხაროს და გემით ურეკში, ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გაიგზავნოს.
ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის ინფორმაციით, აჭარაში, სოფელ ციხისძირში, ყოფილმა პრემიერმა რამდენიმე უნიკალური მრავალწლოვანი ხე პირადად მონიშნა. გემის მისადგომისა და ტყეში გზის გაჭრის სამუშაო უკვე დაიწყო, რათა საგანგებო ბარჟა ნაპირთან მივიდეს და მასზე 450-ტონიანი ხე პლატფორმით შევიდეს.
„მეტრონომი“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც სამინისტროში გვითხრეს. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია 40 ხესთან დაკავშირებით სიმართლე არ არის და რეალურად საუბარია 3 ხეზე.
„ამ ხეების გადარგვა აჭარის მთავრობის განკარგულებით მოხდა. როგორც ვიცი აქ საუბარია 3 ხეზე. რაც შეეხება ჩვენს ნაწილს, გარემოს დაცვის დეპარტამენტი ახორციელებს მუდმივ მონიტორინგს, რათა არ მოხდეს სხვა ხეების დაზიანება. ხეები არ იჭრება, უბრალოდ ხდება მათი გადატანა და ერთი ადგილიდან მეორეზე. უნდა მოეწყოს დენდროლოგიური პარკი და ალბათ საჭიროება დაინახა აჭარის მთავრობამ. ამ შემთხვევაში, ჩვენი დეპარტამენტი მონიტორინგის ფუნქციას ასრულებს, რათა სხვა ხეები არ დაზიანდეს და იქვე რაიმე უკანონოდ არ მოიჭრას“. – აცხადებს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ეკა ბენდელიანი.
„მეტრონომი“ აჭარის მთავრობის წარმომადგენელსაც ესაუბრა.
„აჭარის მთავრობის ბრძანება, რომელიც არსებობს ამ ხეების გადარგვასთან დაკავშირებით საუბარია სულ 3 ხეზე“.
ჩვენ დავინტერესდით, სხვა კერძო პირებს, როგორც ივანიშვილს, თუ შეუძლია ეს ხეებიც მათ საკუთარ მფლობელობაში გადავიდეს.
„არ არის მასე, რომ იყოს პირდაპირ საუბარი კერძო პირზე. აქ საუბარია კერძო კომპანიაზე შ.პ.ს „ლიმო“ ვისთან თანამშრომლობს და რა მიზნით გადარგავს ამ ხეებს, უკვე ამასთან დაკავშირებით მათ უნდა მიმართოთ“. – აცხადებს აჭარის მთავრობის მასმედიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი სოფიკო გუჯაბიძე.
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ გია ჟორჟოლიანმა ამ საკითხზე შემდეგი კომენტარი გააკეთა.
„რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, საქმე მრავალწლიანი ხეების გადარგვას ეხება, რაც უნიკალური პროექტია. ეს ძალიან ძვირადღირებული პროექტია და მსგავსი რამ ამერიკაშიც მოხდა. საქმეში დეტალურად ჩავიხედავ, მაგრამ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს ნაბიჯი გარემოს დაცვითი კუთხით არის გადადგმული, რათა მრავალწიანი ხეები არ დაიღუპოს”. – აცხადებს ჟორჟოლიანი.
შეგახსენებთ, ასწლოვანი ტიტა, რომლის გადარგვასაც აპირებენ, უნიკალურია და ის საქართველოში დაახლოებით 100 წლის წინ სამხრეთ ამერიკიდან ჩამოიტანეს.
მარიამ ვარადაშვილი